მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩხრეკისას ფული არ ამოუღიათ, დაკავების საფუძველი გაუგებარია - ანდრია ლილუაშვილის ადვოკატი

ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის ანდრია ლილუაშვილის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახლიდან ჩხრეკის შედეგად არც ფული და არც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოუღიათ.

მოსიაშვილის თქმით, ჩხრეკა ოთხ ობიექტზე ჩატარდა, თუმცა არც ერთ მათგანში სამართალდამცველებს არ აღმოუჩენიათ მტკიცებულება, რომელიც ბრალდების დასამყარებლად გამოიყენებოდა. ადვოკატის შეფასებით, დაკავების სამართლებრივი საფუძველი გაუგებარია და მის კლიენტს ბიზნესსაქმიანობა დიდი ხანია, აქვს.

„4 ობიექტზე ნამდვილად ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა ჩხრეკის შედეგად არ არის ამოღებული რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერებები, მით უმეტეს, ჩხრეკის შედეგად ამოღებული არ არის თანხა, რაც, ალბათ, მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ამდენად დაკავების სამართლებრივი საფუძველი ცოტა არ იყოს გასაკვირია… რაც შეეხება ოქროს, ოქრო არის ყველა ადამიანის საცხოვრებელ ბინაში.

მას ბიზნესი აქვს 2000 წლიდან მოყოლებული. ამიტომ ეს არ არის ახალი გარემოება, რომ ბიზნესსაქმიანობას ეწევა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გაგი მოსიაშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ანდრია ლილუაშვილი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით. ეს საქმის ფარგლებში მეორე დაკავებულია გუშინ სამართალდამცველებმა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული სხვა პირი, კობა ხუნდაძეც დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების ბინებსა და სეიფებში. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია, ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

22 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და აღიარა უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. უწყების ცნობით, მომდევნო დღეებში გამოძიება იმსჯელებს ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების და აღკვეთის ღონისძიების საკითხზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები