როგორც იდეის ავტორი bm.ge-თან საუბრისას აცხადებს, ჭკვიანი შუქნიშნები არის სისტემა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქალაქში სატრანსპორტო ქსელის განტვირთვის, მოწესრიგებისა და უსაფრთხოებისთვის დაინერგა. სისტემა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მუშაობს.
“განსხვავებით სტანდარტული სისტემისა, ჭკვიანი შუქნიშნების პროგრამა რეალურ დროში მთელი ქალაქის (არამარტო მთავარი ქუჩების, არამედ მათთან დაკავშირებული ყველა ქუჩის) მოძრაობის ნაკადების ანალიზს ახორციელებს და შუქნიშნის ფერების ცვლილების დროს მყისიერად განსაზღვრავს. სისტემით ხდება როგორც სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ასევე ველოსიპედებისა და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის ანალიზი,” - აღნიშნა გიორგი ლიონიძემ.
ჭკვიანი შუქნიშნების იდეის ავტორის თქმით, საბოლოო ჯამში, საკითხი საცობების შემცირების თემას ემსახურება, თუმცა სისტემებმა გამოყენების დროს ასევე აჩვენა, რომ მგზავრობის დრო 25%-ით შემცირდა. შუქნიშანზე ლოდინის დრო 40%-ით შემცირდა, ასევე 40%-ით შემცირდა მანქანის გაჩერება-დაძვრის რაოდენობა, 20%-ით შემცირდა გამონაბოლქვი, ხოლო 20%-ით შემცირდა საწვავის მოხმარება.
„საგრძნობლად შემცირდა საგზაო სტრესი - საპატრულო პოლიციის ჩართვას გზაჯვარედინების რეგულირებაში თითქმის აღარ საჭიროებს. აღნიშნული სისტემის დანერგვა თბილისში ჩვენს ქალაქში არსებული სატრანსპორტო პრობლემების ყველაზე სწრაფი, იაფი და ეფექტური გადაწყვეტა იქნება", - განაცხადა ლიონიძემ.

























