პარლამენტში მიმდინარე სპორტის კომიტეტის სხდომაზე “საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის” წარმომადგენლებს მოუსმინეს, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე ჩოგბურთის, რაგბის, ჭადრაკისა და სპორტის სხვა სახეობებისთვის ტალანტების მოსაძიებლად, სკოლის მოსწავლეებისთვის მათზე ხელმისაწვდომობის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნული წრეები სკოლაშიც იყოს ხელმისაწვდომი.
როგორც “ჩოგბურთის ფედერაციის” გენერალური მდივანი, ზურაბ ქაცარავა აღნიშნავს, მსგავსი პროგრამა ფედერაციამ უკვე წამოიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში განათლების სამინისტროს დამოკიდებულება შეიცვალა.
“ჩვენ გვქონდა ეს პროგრამა, რომლითაც, დაახლოებით 30 სკოლა იყო მოცული. გაფორმებული გვქონდა მემორანდუმები და ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა სკოლებთან ურთიერთობა. ხდებოდა ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადება ჩვენთან, სპეციალურ კურსებზე. 30 სკოლა ნამდვილად არ იყო ცოტა, ძალიან ბევრი ბავშვი იყო დაინტერესებული, ბევრი დადიოდა, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა. შემდეგ განათლების სამინისტროს დამოკიდებულება შეიცვალა და გაჩერდა ეს პროგრამა.
ფეხბურთელების შემდეგ, მეორე ფედერაცია ვიყავით, ვინც ასეთი მჭიდრო კომუნიკაცია დაამყარა სკოლებთან და გეთანხმებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან კეთდება შემდეგ სელექცია ეროვნული ნაკრებისთვის”, - ამბობს ზურაბ ქაცარავა.
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე მეტრეველი კი აღნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის თუ სხვა ჯგუფებისთვის უფასო წრეების არსებობისათვის აუცილებელია, რომ ჩოგბურთის სტადიონები მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყოს.