მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩოხატაურსა და ქედაში წარმოებული ხილის პროდუქტი ჩინეთში გაიყიდება

57a9733d5c25e
BM.GE
09.08.16 10:05
2347
კომპანია "ნენას" პროდუქცია ექსპორტზე ჩინეთში გავა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, პირველი პარტია ჩინეთში უახლოეს პერიოდში გაიგზავნება. ქედასა და ჩოხატაურში წარმოებული ხილის პროდუქცია, მურაბები, კომპოტები და ფელამუში ჩინეთში „ქართულ სახლში“ გაიყიდება, სადაც ასევე იყიდება ქართული ღვინო. ჩხაიძის განცხადებით თავდაპირველად ჩინეთში ქართული პროდუქცია შეზღუდული რაოდენობით გავა, სამომავლოდ კი კომპანია პროდუქციის ჩინეთის საცალო ქსელში გაყიდვასაც გეგმავს. ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კომპანია მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა. ჩინეთში უკვე რამდენიმე წელია კომპანიის ღვინო იყიდება, ჩხაიძე იმედოვნებს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ქართული პროდუქციის რეალიზება გაიზრდება.

ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში 50 „ქართული ღვინის სახლის“ გახსნა და 2 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის გატანა იგეგმება.

"ნენას“ პროდუქცია უკვე რამდენიმე თვეა იყიდება ევროკავშირშიც. კომპანია ამ ეტაპზე 15-მდე სახეობის ხილის მურაბასა და ჯემს, ასევე 4 სახეობის საწებელს და ფელამუშს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე მსხვილ სუპერმარკეტებში ხდება. კომპანია მიმდინარე წლიდან ხილთან ერთად, ბოსტნეულის წარმოებასაც დაიწყებს.

ხილის საწარმო ჩოხატაურში შემოდგომაზე გაიხსნა. პროექტი სახელმწიფო თანადაფინანსებით "კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ" განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები