Christie's-ის აუქციონზე ისტორიაში პირველად სრულიად ციფრული ხელოვნების ნიმუში რეკორდულ თანხად გაიყიდა. ნიმუშის ღირებულებამ 69.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სურათი ცნობილ გრაფიკულ დიზაინერს, მაიკ ვინკელმანს ეკუთვნის, რომელიც Beeple-ის ფსევდონიმითაა ცნობილი. სურათის სახელია - Everydays: The First 5000 Days, რომელიც კოლაჟს წარმოადგენს და მასში ვინკელმანის 14-წლიანი შემოქმედებაა გაერთიანებული.
„მაიკ ვინკელმანი ახლა მდიდარი ადამიანია, თუმცა ის ყოველთვის ძალიან მდიდარი სულის პატრონი იყო. ვამაყობ მისით“, - ასე გამოეხმაურა Christie's-ის აუქციონის ხელოვნებათმცოდნე, ნოა დევისი ციფრული ხელოვნების ნიმუშის რეკორდულ თანხად გაყიდვას.
ხელოვნების ამ ნიმუშის ფიზიკური ვერსია არ არსებობს და მხოლოდ ციფრული სახითაა ხელმისაწვდომი, აუქციონზე კი ის უნიკალური ტოკენის, ანუ NFT-ის (Non-fungible token) სახით გაიყიდა.
NFT კრიპტოსისტემაზეა დაფუძნებული, რომელიც ორიგინალი ნიმუშის ავტორისა და მფლობელის ვინაობების დასადასტურებლად ბლოკჩეინ სისტემას იყენებს.
სურათი ყველასთვისაა ხელმისაწვდომია, რადგან ის ინტერნეტშია განთავსებული, თუმცა მისი ფლობის ექსკლუზიური უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელმაც აუქციონში გაიმარჯვა და სურათი NFT-ის სახით, $69 მილიონად შეიძინა.

























