სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია, მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი, პროექტის ინვესტორის "ქეი ვოთერისა" და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას ჭუბერში შეხვდნენ.
ჭუბერის მოსახლეობამ "ნენსკრა ჰესის" პროექტის მონიტორინგის ჯგუფი შექმნა. ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი სამუშაო ჯგუფი პროექტის განხორციელების პროცესს გააკონტროლებს.
"ნენსკრაჰესის აშენებაში ინვეტორი 1 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას დებს, შეიქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, გარდა მშენებლობის პროცესისა ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება ოპერირების პროცესშიც, რაც მთავარია ინვესტორი იღებს ვალდებულებას ადგილობრივების გადამზადება მოახდინოს. ასევე ინვესტორი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და ამ სოციალურ საჭიროებებს თავად მოსახლეობა მიაწვდის მათ", - აღნიშნა შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა.
ადგილობრივების ნაწილი "ნენსკრა ჰესის" პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა და პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოსახლეობის მიერ შექმნილ მონიტორინგის ჯგუფს ჰესის შესახებ არსებული ყველა კვლევა და დოკუმენტაცია გადაეცემა.

























