მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭუბერში სტიქიით დაზარალებულები კომპენსაციას ელოდებიან

5bf3ce0c23bf1
დავით ჯალაღონია
20.11.18 13:00
579
ჭუბერის ხეობაში მდინარე ნენსკრამ მიმდინარე წლის ივლისში გზები, ხიდები და საკარმიდამო ნაკვეთები წაიღო, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი კი დააზიანა, რის შემდეგაც ოჯახები დღემდე ახლობლებთან ცხოვრობენ.

სტიქიით დაზარალებულებს შორის არის ფრიდონ ცინდელიანი, რომლის სახლი მდინარე ნენსკრამ ნაწილობრივ დაანგრია და სახლის მიმდებარედ მიწა წაიღო.

„ახლა ამ მიწას ვავსებ. აქ დაახლოებით ოთხი მეტრი იყო ჩაღრმავებული. ჩემი მანქანით და ხარჯებით ვავსებ. თავიდან დამპირდნენ, ამას ამოგივსებთო, მაგრამ თვითონ ექსკავატორით დატვირთვაში მეხმარებიან“, - განაცხადა ცინდელიანმა BM.GE-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, სახლის გარდა, მის მიწის ნაკვეთზე სტიქიამდე საკალმახე და ორსართულიანი შენობაც იყო.

„ახლა ფინანსებია მთავარი, თორემ ამის აღდგენაც შეიძლება. ანაზღაურებას დამპირდნენ და ველოდები, მაგრამ სადამდე უნდა ველოდო?! ჩემთან ერთად სხვა ოჯახებიც ელოდებიან. აქ უკვე ყინვებია დაწყებული. აქამდე საშუალება რომ მქონოდა, რაღაცას ვიზამდი. სხვის სახლში როდემდე ვიყო, არ ვიცი“, - აღნიშნა მან.

როდის მიიღებენ თანხას დაზარალებულები, ეს კითხვა BM.GM-მ ფინანსთა მინისტრთან დასვა, თუმცა ვანო მაჭავარიანმა კიდევ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება მოითხოვა, რის შემდეგაც BM.GM სამინისტროს დამატებით ინფორმირებისთვის დაუკავშირდა და პასუხს მკითხველს მიღებისთანავე გააცნობს.

BM.GE-ს ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიის შედეგად ზარალის ანაზღაურებას 17 ოჯახი ელოდება, კომპენსაციის ჯამური ღირებულება კი, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული ექსპერტის დასკვნების შედეგად დაანგარიშდა, 1 მილიონ 300 ათას ლარს აჭარბებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები