მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭუბერში სტიქიით დაზარალებულებისთვის კომპენსაციის ნაწილს მესტიის მუნიციპალიტეტი გასცემს

5bf7f192c14f6
დავით ჯალაღონია
23.11.18 16:24
657
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჭუბერში 5 ივლისის სტიქიით დაზარალებულთა ნაწილობრივი კომპენსაციისთვის დადგენილება მიიღო.

როგორც BM.GE-ს მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, კომპენსაცია ადგილობრივებისთვის ისეთი მცირე შენობა-ნაგებობების დაზიანებისთვის ითვალისწინებს თანხის გადახდას, როგორიცაა თივისა და შეშის შესანახი, საქათმე და ა.შ. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის ჯამურად, 100 ათასი ლარის მოცულობის ზარალს აანაზღაურებს.

რაც შეეხება დანარჩენ ზარალს, რომელიც საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობის საკუთრებაში სტიქიამდე არსებულ სხვა, შედარებით, დიდი მოცულობის ნაგებობებს მოიცავს, კაპიტონ ჟორჟოლიანის განმარტებით, მათ მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან აანაზღაურებს, რისთვისაც დაზუსტებული მონაცემები მესტიის მუნიციპალიტეტმა ფინანსთა სამინისტროს გუშინ გადაუგზავნა.

მერის განმარტებით, ჭუბერში კომპენსაციას 17 ოჯახი ელოდება და მათი ზარალის ჯამური ოდენობა 1 მილიონ 39 ათას ლარამდეა.

შეგახსენებთ, რომ ჭუბერში სტიქია მიმდინარე წლის 5 ივლისს მოხდა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ საცხოვრებელ სახლებთან ერთად, გზები და ხიდები წაიღო, რომელთა აღდგენა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები