მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩურჩხელა გაძვირდა - მწარმოებლები მიზეზებს განმარტავენ

ჩურჩხელა

ბაზარზე ჩურჩხელის ფასი ბოლო თვეებში შესამჩნევად გაიზარდა. როგორც მწარმოებლები BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავენ, გაძვირების მთავარი მიზეზი, ნედლეულის ფასის მატებაა. შედეგად, ქართულ ტრადიციულ ტკბილეულს მომხმარებელი უფრო ძვირად ყიდულობს.

ნატურალური ჩირისა და ჩურჩხელას მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელას“ აღმასრულებელი დირექტორი ირმა კვაჭანტირაძე bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მათთან ერთი ცალი ჩურჩხელა 4.30 ლარი ღირს. მისივე თქმით, სავაჭრო ობიექტებში ფასების მატება აშკარად გამოიკვეთა, რაც არა მხოლოდ ნედლეულის გაძვირებით, არამედ იჯარისა და მუშახელის დანახარჯებითაც არის განპირობებული.

„ჩურჩხელის შეკვეთები უკვე დაიწყო და სხვადასხვა კომპანიასთან მოლაპარაკებები მიდის. ჩვენ წელს ფასები არ გაგვიზრდია, თუმცა ბაზარზე გაძვირება აშკარაა. ობიექტებს აქვთ იჯარა, ჰყავთ გამყიდველები, რომლებსაც ხელფასი უნდა გადაუხადონ, ამიტომ ბევრმა ბიზნესმა ფასები დააკორექტირა“, - განმარტავს კვაჭანტირაძე.

ქართული ნუგბარის მწარმოებელი „თათას ნობათი“ წელს ფასების უცვლელად დატოვებას ნანობს. კომპანიის დამფუძნებელი თათა შენგელია ამბობს, რომ მის გარშემო ყველა კომპანიამ გაზარდა ფასები, რასაც ნედლეულის, განსაკუთრებით ნიგვზისა და ბადაგის გაძვირება განაპირობებს. მეწარმე არ გამორიცხავს, რომ მომავალ წელს თავადაც გადახედოს ფასებს. მისი წარმოებული ჩურჩხელა ახლა 3-5 ლარის ფარგლებში იყიდება.

„სტანდარტული ფასები შევინარჩუნე, მაგრამ თითქმის ყველამ გაზარდა. ახლა ძალიან ვნანობ, რადგან ნიგოზიც და ბადაგიც გაძვირდა. შესაბამისად, მომავალ წელს ფასების გაზრდა გარდაუვალი იქნება“, - ამბობს შენგელია.

კომპანია „ქართული კალათას“ დამფუძნებელი ვაკო ელისაბედაშვილი კი ამბობს, რომ ფასების ზრდა განსაკუთრებით თხილის ჩურჩხელაზე აისახა, ვინაიდან მისი განმარტებით, ხარისხიანი თხილის ფასი წლიურად დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი.

„თხილი ახლა 35-40 ლარზე ნაკლებად არ იყიდება – მე ასეთი ფასით ვყიდულობ. ძირითადად კახეთში ვყიდულობ, რადგან სხვა რეგიონებიდან შეძენილ თხილზე ცუდი გამოცდილება მაქვს. ქართული ნიგვზის ფასიც დაახლოებით 10%-ით არის დაკორექტირებული. ჩვენი მომწოდებლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, – ამბობს ელისაბედაშვილი.

მისივე თქმით, თხილის ჩურჩხელის ჩასაბარებელი ფასი 3.5 ლარიდან 4 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ნიგვზის ჩურჩხელის ფასი 4.5–5 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები