მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩურჩხელისა და ჩირის მწარმოებელი კომპანია წარმადობას 60%-ით ზრდის - "ჩირჩხელას" გეგმები

ჩირჩხელა

ჩურჩხელისა და ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელა“ წარმადობის გაფართოებას და არსებული ბაზრის მთლიანად ათვისებას გეგმავს,- ამის შესახებ ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა კვაჭანტირაძემ BM.Ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"გერმანულ კომპანია Caucasus Organic Fruit-თან 17-18 დეკემბერს ბიზნეს კონსოლიდაციის მიმართულებით მემორანდუმს გავაფორმებთ და მაღალი დონის სერტიფიკატის მქონე კომპანიასთან ერთად, უკეთესი ტექნიკური აღჭურვილობით დავიწყებთ პროდუქციის წარმოებას. ამის შემდეგ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ჩვენი წარმადობა დაახლოებით 60%-ით გავზარდოთ და მოვიცვათ მთლიანად, როგორც არსებული ბაზარი, ისე ექსპორტიც", - დასძინა ირმა კვაჭანტირაძემ.

ამასთან, ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ჩირჩხელა" საქართველოს ქსელურ მარკეტებში იქნება ხელმისაწვდომი.

"აქტიურად ვიწყებთ მუშაობას მიმართულებით, ძალიან მალე მომხმარებელი ქსელურ მარკეტებში შეძლებს ჩვენი პროდუქციის შეძენას, ამის შემდეგ, გვსურს ჩეხეთიდან შემოსული შეკვეთები დავაკმაყოფილოთ, ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობდით ქვეყანასთან და მცირე რაოდენობის პროდუქტი გაგვქონდა ბაზარზე, ახლა კი წარმადობა საშუალებას მოგვცემს მასშტაბური ექსპორტისთვის მოვემზადოთ, აღსანიშნავია, რომ გარდა ჩეხეთისა, ექსპორტის გაფართოებას ვაპირებთ გერმანიაში, ავსტრიასა და დუბაიში, ამასთან, თამამად განვაახლებთ მოლაპარაკებებს იმ ევროპისა და აზიის ქვეყნებთან, საიდანაც შეთავაზებები ყოველთვის მოგვდიოდა", - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ "ჩირჩხელას" აღმასრულებელმა დირექტორმა საახალწლო კალათებზეც ისაუბრა, რომლის შეძენაც მომხმარებელს უკვე შეუძლია.

"მიმდინარე წელს კალათების ფასი არ გაძვირდება, მომხმარებელ ჩვენი საახალწლო ხელნაკეთი ყუთების შეძენა 140 ლარიდან შეეძლება, კალათის საფასური იმის მიხედვით იზრდება შიგნით რა რაოდენობის პროდუქცია დევს. ძირითადად ვდებთ ღვინოს, თაფლს, ჩურჩხელას, ტყლაპს და ჩირს. კორპორატიულ შეკვეთებს ყოველდღიურად ვიღებთ, საცალო შეკვეთების მიღებაც დავიწყეთ და მომხმარებელს უკვე შეუძლია ჩვენი საახალწლო კალათის შეძენა, რომელიც 3-4 დღეში მზადდება, მიმდინარე წელს მზად ვართ დიდი შეკვეთებისთვის", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ "ჩირჩხელა" ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და თბილისში ორ მაღაზიას ფლობს. კომპანიას წარმოება კახეთსა და გურიაში აქვს და 25 სახეობის ჩირეულს, 10 სახეობის ტყლაპსა და 8 სახეობის ჩურჩხელას აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები