პრემიერობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას მძიმეს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მთავრობის პირობებში „მწვანე ეკონომიკის“ მიმართულებით სხვადასხვა ინიციტივები გაჟღერდება.
„ჩვენი ქვეყნის კაპიტალიზაციის ზრდის უალტერნატივო სცენარი არის მწვანე ეკონომიკა. ამ კუთხით რაც მოხდა და რაც ხდება ეკოლოგიურ ნაწილში არის ძალიან მძიმე. ამას პირდაპირ ვამბობ. თუმცა ვამბობ ასევე, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ინიციტივა, რომლის ნაწილს, ერთ კომპონენტს წარვადგენთ ახლა პარლამენტში, რომელიც მიმაჩნია რომ დააბალანსებს იმ ძალიან მნიშვნელოვან მდგომარეობას და მეორე იქნება მწვანე ეკონომიკის ფლაგმანი, რომელსაც იმედია რომ წლის ბოლომდე დავაანონსებთ.
ჩვენ ეკოლოგიას და ბუნებას ვუყურებთ როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრეს ადამიანებთან ერთად. ეს არის აქტივი, რომელსაც სჭირდება კაპიტალიზაცია, ხოლო პაკიტალიზაცია ამ კუთხით ნიშნავს ეკოლოგიის უმაღლესის სტანდარტის დაწესებას და იმ ფლორის და ფაუნის მაქსიმალურ შენარჩუნებას, რაც დღეს გვაქვს.“ - განაცხადა ბახტაძემ ტექნოპარკში შეხვედრისას.

























