ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივნის, სანდრო ჭუმბურიძის განცხადებით, საქართველოში ერთპარტიული მმართველობა უნდა შეიცვალოს კოალიციური მმართველობით და ეს დღევანდელმა არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს.
როგორც BMGTV-ის საარჩევნო ეთერში ჭუმბურიძემ აღნიშნა, კოალიციური მმართველობის გამოცდილება არ გვაქვს, თუმცა ვისწავლით.
„მე არ მახსოვს არჩევნები, რომელიც არ იყო დიდი გამოწვევების ფონზე, დაწყებული 1991 წლიდან, როდესაც ეროვნული მთავრობა მოვიდა და ჩაანაცვლა კომუნისტური პარტია, შემდეგაც ყველა არჩევნები იყო რთული და მძიმე, მაგრამ ეს არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ ერთი მომენტით განსხვავდება. სამი ათეული წლის მანძილზე გვქონდა ერთპარტიული მმართველობა, მე პირადად მყარად დავრწმუნდი, რომ ერთპარტიული მმართველობა უნდა შეიცვალოს კოალიციური მმართველობით. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. შეიძლება, ვიღაცამ კითხვა დასვას, რომ ჩვენ არ გვაქვს კოალიციური მთავრობის პრინციპი და კულტურა. არაფერი საშიში არაა, ვისწავლით.
არაკონსტიტუციური აზრიც გამიჩნდა, რომ ხომ არ შეიძლება კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ იყოს მხოლოდ რვა წელი პარტიისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს, მაგრამ თუ ჩვენ ისე ვერ ჩავატარებთ არჩევნებს, რომ ხალხი იყოს კმაყოფილი, მაშინ კონსტიტუციონალისტებს მოუწევთ იმაზე ფიქრი, რომ მართლა რვაწლიანი გახდეს პარტიისთვის ლიმიტი. არ ვიცი, ეს როგორ გაკეთდება, ვინაიდან იურიდიულად ამის გაკეთება არ არის მარტივი, მაგრამ ჩვენ ერთი რამ ნათლად დავინახეთ, რომ ყველა ის ხელისუფლება, რომელიც მოდის, მას წასვლა აღარ უნდა“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.
მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში, პრეზიდენტმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში და ასევე ევროკავშირთან და აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობის დალაგებისთვის.