მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ არ გვაქვს საქმე ინვესტიციების შემცირების ტენდენციასთან", - ბახტაძე

5c87db9248ee8
BM.GE
12.03.19 20:15
1592
“ჩვენ არ გვაქვს საქმე ინვესტიციების შემცირების ტენდენციასთან,”- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა BMG-ის კითხვაზე თუ რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რათა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები გაიზარდოს.

საქსტატის მონაცემებით, სულ 2018 წლის განმავლობაში საქართველოში $1.23 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 35%-ით ნაკლებია, მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა 2013 წლის შემდეგ ყველაზე მცირეა. 10 მთავარი საინვესტიციო სექტორიდან 6-ში ინვესტიციების კლება შეიმჩნევა.

ბახტაძის თქმით, კლება რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორისაა 2018 წელს შემდგარი ტრანზაქცია, რომლის შედეგადაც ტელეკომუნიკაციების ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე - "ჯეოსელი" ქართული კომპანიის მფლობელობაში გადავიდა და შესაბამისად გამოეთიშა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დათვლის მეთოდოლოგიას. ბახტაძე კიდევ ერთ მიზეზად ქართული კომპანიების მიერ უცხოური კომპანიების მიმართ დიდი მოცულობის ვალების გასტუმრებასაც ასახელებს.

“ჩვენ ვსაუბრობთ ნახევარ მილიარდ დოლარზე, რომელიც არის სხვაობა 2017 წელსა და 2018 წელს შორის. აქედან ყველაზე მსხვილი კომპონენტი გახლავთ არის მილსადენი, რომელიც არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. მისი მშენებლობა დასრულდა და დასრულდა წარმატებით. მეორე კომპონენტი გახლავთ ის, რომ ჩვენ ინვესტიცია კი არ შეგვიმცირდა, ადგილობრივმა რეზიდენტმა იყიდა ძალიან მნიშვნელოვანი წილი უცხოური რეზიდენტისგან. ამასთანავე, მოხდა ვალდებულებების გასტუმრება უცხოური რეზიდენტების მიმართ,”- განაცხადა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები