მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ არ გვინდა კომპლექსიანი ლიდერი" - გიორგი ბაჩიაშვილი

ბიძინა ივანიშვილი

"ასეთი ვაჟკაცები და მაგრები თუ არიან და წინ უდგებიან "გლობალური ომის პარტიას", ერთი კაცი დაასახელონ, ვინ არის ამ პარტიაში, რომ ვიცოდეთ ვის გადააყოლა ქვეყნის საგარეო კურსი", - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა "tv პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილმა საკუთარ ინტერესებს და კომპლექსს გადააყოლა ქვეყნის საგარეო არჩევანი. ივანიშვილის ყოფილი პარტნიორი ამბობს, რომ ახლა ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, არ სჭირდება ლიდერი "ასეთი კომპლექსებით".

"მართლა რომ არსებობდეს „გლობალური ომის“ პარტია, როგორ შეიძლება ივანიშვილი იყოს ერთადერთი ადამიანი, რომლისთვისაც ახალი დოქტრინა ჩამოაყალიბეს, როგორ წაართვან კაცს ფული. ისევე, როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, ამხელა ვეებერთელა ბანკი გააკოტრეს, ივანიშვილის გულისთვისო. ამისი თვითონვე თუ სჯერა... რამხელა სისულელეს ამბობს.

ეს ნარატივი სჭირდება <ბიძინა ივანიშვილს>, რომ დასავლეთისგან დახატოს რაღაც მონსტრი. ვითომდა ზეწოლაა დასავლეთიდან ივანიშვილზე და ეს, ასეთი ვაჟკაცი ადამიანი უმკლავდება ამხელა "გლობალური ომის" პარტიას. ასეთი ვაჟკაცები და მაგრები თუ არიან და წინ უდგებიან გლობალური ომის პარტიას, ერთი კაცი დაასახელონ, ვინ არის ამ პარტიაში, რომ ვიცოდეთ ვის გადააყოლა ქვეყნის საგარეო კურსი. გამარჯობას რომ აღარ ეუბნება მთავრობას არცერთი თავმოყვარე ქვეყნის პრემიერი და მეთაური.

თვითონვე ამბობს, რომ ეს კომპლექსი აქვს, რომ როცა საქმე მის ფულს ეხება, ვერ იღებს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს. ეს კომპლექსი კი არ არის, ადამიანი 40-50 წელი არის ბიზნესში და ეს ინტერესთა კონფლიქტია; როდესაც ასეთი ინტერესთა კონფლიქტი გაქვს, არ უნდა მართავდე ქვეყანას. მსგავსი კომპლექსები თუ გაქვს, თუ ფულია ქვეყანაზე წინ, უნდა მიხედო იმ ფულს. არ გვინდა ჩვენ კომპლექსიანი ლიდერი, ეს უნდა გაიაზროს ქართველმა ამომრჩეველმა.

ყოველთვის უნდა ფიქრობდე, გინდა თუ არა ლიდერი, რომელსაც ისეთი კომპლექსები აქვს, რომ ამ კომპლექსები აქვს, რომ ამის გამო, შეუძლია ნებისმიერ დროს გაწიოს ქვეყნის ინტერესი. დღეს, ეს ჩვენი რეალობაა", - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის პირველი ნომრისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები