„მოთხოვნა საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლაზე ყოველთვის მაღალი იყო და ამას რეისების რაოდენობაც ადასტურებს“ - ამის შესახებ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა“ გიორგი ჩოგოვაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა მაღალი იყო, რუსეთიდან შემომავალი ტურისტების უდიდესი წილი, მაინც, სახმელეთო საზღვრიდან ანუ ლარსის პუნქტიდან შემოდიოდა.
„რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში არ განულდება. ცხადია, შემცირდება, თუმცა, ამ საპროტესტო აქციამ, პირიქით შესაძლოა მეტი ინტერესი გამოიწვიოს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით, როგორც რუსეთის მოქალაქეებს შორის, ასევე სხვადსხვა ქვეყნიდან. რუსული ემბარგო არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა, მაგრამ ამას გავუმკლავდებით. გვაქვს სტრატეგია, თუ როგორ უნდა მოხდეს, ერთი მხრივ, ბაზრების დივერსიფიცირება და სხვა ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანა; მეორე მხრივ კი, ჩვენ არ გვინდა იმ რუსი ტურისტების დაკარგვა, რომლებსაც საქართველო უყვართ,“ - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.
მან ასევე ისაუბრა სოციალურ მედიაზე და იმ კამპანიაზე, რომელიც რიგითმა მოქალაქეებმა და ტურისტებმა, სხვადასხვა ქვეყნიდან წამოიწყეს და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე დიდი პიარია, რაც უპირობოდ, გაზრდის ტურისტების შემოდინებას ქვეყანაში.
„დღეს თუ დააკვირდებით რა ხდება სოციალურ მედიაში , ნახავთ რომ ადამიანები რომლებიც ერთხელ მაინც არიან ნამყოფი საქართველოში, გარკვეულ პროტესტს გამოხატავენ პუტინის მიმართ და ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა ისეთ რთულ პოლიტიკურ სისტემაში, როგორიც რუსეთშია. ზოგადად ტურიზმი მშვიდობიანი სფეროა და ის გვეხმარება ხალხსა და ქვეყნებს შორის მეგობრობის გაღვივების ნაწილში და ამიტომაც ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს ჩვენ ევროპასთან, საიდანაც, ერთი მხრივ, ველოდებით ეკონომიკურ სარგებელს, ევროპელი მაღალგადადისუნარიანი ტურისტებისგან, მეორე მხრივ კი, ახლოს იქნება ევროპა საქართველოსთან, რაც ჩვენ პოლიტიკურ მიზნებსაც შეუწყობს ხელს“ - განაცხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

























