„ ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ უფრო და უფრო მეტ იტალიურ კომპანიას ვხედავთ ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებში”, - ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ იტალიურ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა 2021 წლის ჩათვლით დასრულდეს ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მოიცავს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, ასევე - ჩრდილ-სამხრეთის დერეფანს.
„მოხარული ვართ, რომ იტალიური კომპანიები მონაწილეობენ არა მხოლოდ სამშენებლო საქმიანობაში, არამედ ძალიან მნიშვნელოვან პროექტირების სამუშაოებშიც, ვინაიდან საქართველო მთაგორიანი ადგილია და საკმაოდ კომპლექსურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს მოითხოვს ის პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. იტალიური კომპანიებს ამ კუთხით აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება და ვენ მოხარული ვართ, რომ ვგრძნობთ მათ გაზრდილ აქტივობას.
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზით, უახლოს წლებში საქართველო იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. შარშან ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 5%, წელს ველოდებით ამ ციფრის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა, ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირება მოხდეს უფრო ეფექტურად გლობალური ეკონომიკაში, აქედან გამომდინარე, საქართველო იცავს და ყოველთვის დაიცავს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს. მსურს, ასევე შევეხო ჩვენი საკრედიტო რეიტინგების დინამიკას.
კომპანია Moody's-მა შარშან შემოდგომაზე გაგვიუმჯობესა რეიტინგი და ამასთან ერთად, დარჩენილი ორი საკრედიტო სააგენტო ძალიან პოზიტიურად აფასებს ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. პარლამენტში წარდგენილი ჩვენი პროგრამის მიხედვით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ამოცანა იქნება, რომ საქართველომ მოიპოვოს საკრედიტო რეიტინგი, ეს ნიშნავს დღეს არსებული სტატუს-კვოს ორი საფეხურით გაუმჯობესებას. ინვესტორებისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციების თვალსაზრისით, ქვეყანა, რომელიც უკეთეს პლატფორმას შემოგთავაზებთ იმისთვის, რომ თქვენ რეგიონში აკეთოთ სტაბილური და სწრაფად ზრდადი ბიზნესი.
მინდა, შევეხო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. მოგეხსენებათ, შარშანდელი წელი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით იყო ისტორიული მაქსიმუმი ჩვენთვის და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ ინვესტიციებში იტალიური კომპანიების წვლილი საკმაოდ მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვნად იზრდება იმ ნომენკლატურის ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ სავაჭრო ბრუნვაში გვიფიქსირდება როგორც ევროკავშირთან, ასევე იტალიასთან, რაც ნათლად მიუთითებს იამზე, რომ ჩვენ არ ვართ ჩამოკიდებული მხოლოდ ერთ რომელიმე სასაქონლო ჯგუფზე ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში.
ეს ძალიან კარგი სიგნალია და ჩვენ ამ სავაჭრო ბრუნვის შემდგომ დივერსიფიკაციას აუცილებლად ხელს შევუწყობთ”, - განაცხადა ბახტაძემ.