მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ არ ვართ მთავრობის ვასალები, ჩვენ ვქმნით დოვლათს და ჩვენია ეს ქვეყანა“ - გიორგი აბრამიშვილი

აბრამიშვილი

DATA CENTER SOLUTIONS-ის თანადამფუძნებელი გიორგი აბრამიშვილი ბიზნეს ერთიანობისკენ მოუწოდებს. როგორც მან „ბიზნეს კვირეულის“ სპეციალურ ეთერში საუბრისას განაცხადა, საქმიანმა საზოგადოებამ ქვეყანაში საკუთარი როლი უფრო მეტად უნდა გაიაზროს, ხელისუფლებამ კი როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების დაკვეთა უნდა შეასრულოს.

„ჩვენ ვერ გამოვდივართ ამ პოსტსაბჭოთა სინდრომიდან - ცეხავიკობიდან, რეალურად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვქმნით ამ ქვეყანაში დოვლათს, ის 27 მლრდ ჩვენი გადასახადების მიხედვით არის შექმნილი. ამერიკაში მთავრობას ადმინისტრაცია ჰქვია, ადმინისტრატორია იმისა, რომ ბიზნესს, მის მოქალაქეებს მოუგვაროს პრობლემები და არა ის, რომ ბიზნესი იყოს მისი ვასალი.

კარგად უნდა გავიაზროთ როგორ მივედით აქამდე, სწორად ითქვა აქ ჩემი კოლეგების მხრიდან, გვქონდა პროტესტი იმ მთავრობის მიმართ, რომელიც იყო. რატომ გვქონდა? დაუსჯელობის სინდრომის გამო, დაატერორა მისი მოქალაქეები, ბიზნესი და ა.შ. ახლა რეალურად არაფერი უკეთესი არ ხდება თუ არა უარესი. ვერ ვიხსენებ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის გალახვას და ამაზე რეაგირების არ ქონას.

ჩვენ, პირველ რიგში, ვართ შემქმნელები და ყველაფერს ეკარგება შინაარსი, რაზეა საუბარი როდესაც ღირსებას გართმევენ, თავისუფლებას გართმევენ? ვერანაირი ფული და კეთილდღეობას ამას ვერ გადაწონის. მგონია, რომ მთავარია, გავერთიანდეთ და მაგალითი მივცეთ ყველას, დანარჩენ ბიზნესს. ჩვენ გვაქვს ეს ძალა, ჩვენია ეს ქვეყანა და არა მთავრობის, და ჩვენ მათი ვასალები არ უნდა ვიყოთ.

გამოსავალი საბოლოოდ არის ის, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა აბრამიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები