გერმანიის ბუდნესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ რუსთაველზე გამართულ აქციაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
"არ დანებდეთ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ" - თქვა მიხაელ როთიმ.
როგორც მან თქვა, დემოკრატია საქართველოში ცოცხალია და ეს ხალხის დამსახურებაა.
"ძვირფასო ქართველებო, ჩვენ ვართ ძალიან მადლიერი, რომ მოგვეცა შანსი, დავბრუნებულიყავით საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. გასაგებია, რომ ჩვენი ჩამოსვლით მმართველი პარტია და მთავრობა არ არის გახარებული, მაგრამ ჩვენ ჩამოვედით ქვეყანაში, რომელიც არის ევროპის ნაწილი და უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ისინი გვაკრიტიკებენ, რომ თითქოს, ვერევით ქვეყნის შიდა საქმეებში.
შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, ძალიან მამაც ქალბატონს, რომელიც იბრძვის თქვენთან ერთად ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. ძალიან დიდი პატივია, რომ შეგხვდეთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან ევროპული ღირებულებებისთვის და წართმეული არჩევნების დაბრუნებისთვის.
აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამ ქვეყანას სურს, გახდეს დიდი გაერთიანების წევრი. სწორედ ამიტომ ვართ აქ ჩვენ დღეს. იმიტომ ვართ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და გითხრათ მადლობა თქვენი სიძლიერისთვის, ბრძოლისთვის. მეგობრებო, არ დანებდეთ. ჩვენ ვართ თქვენთან ერთად. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ სოლიდარობას თქვენდამი", - ამბობს მიხაელ როთი.
შეგახსენებთ: ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეთა დელეგაცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. საქართველოში, გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტების კომიტეტების ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ.