მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ გადავიხდით, ოლიგარქი არა, ანუ "ბანანის რესპუბლიკად" ქცევის მორიგი ნაბიჯი - ქადაგიძე ოფშორების კანონზე

გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს "ბანანის რესპუბლიკად" ქცევის მორიგ ნაბიჯს უწოდებს.

როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, ცვლილებების შედეგად, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილეს, ოლიგარქი და მისი მეგობრები ოფშორული ზონიდან საქართველოში აქტივებს გადასახადების გადახდის გარეშე გადმოიტანენ.

ამასთან, ქადაგიძე მიუთითებს, რომ ყველაზე მარტივ შემთხვევაში, თუ დასავლურმა საკორესპონდენტო ბანკებმა, რომელთა საშუალებითაც ქართული ბანკებიდან უცხოური გადარიცხვები/გადმორიცხვები სრულდება, საქართველო მომატებული რისკის იურისდიქციად მიიჩნიეს, ტრანზაქციები გართულდება. საბოლოოდ კი, ყოველი მესამე გადარიცხვა გაიჭედება და მობრუნდება.

"ჩვენ გადავიხდით, ოლიგარქი არა, ანუ "ბანანის რესპუბლიკად" ქცევის მორიგი ნაბიჯი.

დღეს დილიდან გავთიშე ტელეფონი და მოვემზადე ე.წ. "ოფშორების კანონის" წასაკითხად, საერთაშორისო გამოცდილების, პოლიტიკის დოკუმენტის და სხვა ანალიტიკის სანახავად, თუ როგორ მოხდება ინვესტორების მოზიდვა და ა.შ.

ხელში კი შემრჩა ორი აბზაცი, ჩაკვეხებული საგადასახადო კოდექსში, თუმცაღა დაჩქარებით მიღებული. დიახ, დაჩქარებული წესით.

რატომ ?

ამ ცვლილებების შედეგად ოლიგარქი ან/და მისი მეგობრები (მეგობრები კი ჩრდილოეთიდან მეტწილად) ე.წ. ოფშორული ზონიდან გადმოიტანენ/გადმოაფორმებენ აქტივებს საქართველოში და არ გადაიხდიან არანაირ გადასახადს; 0-ს.

ჩვენ გადავიხდით საშემოსავლოს, ოლიგარქი არა!

ჩვენ გადავიხდით მოგების გადასახადს, ოლიგარქი არა!

ჩვენ გადავიხდით დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადებს, ოლიგარქი არა!

ქონების გადასახადს კი საერთოდ არ გადაიხდის 2030 წლამდე!

და აქვე ცოტა რამ ბანკებზე.

საქართველოს საბანკო სექტორი და შესაბამისად მთლიანი ჩვენი ბიზნესი ინტეგრირებულია დასავლური სისტემაში სულ ორი საკორესპონდენტო ბანკით. უფრო გასაგებად, ქართული ბანკებიდან ნებისმიერი უცხოური გადარიცხვა/გადმორიცხვა ხორციელდება ერთი გერმანული და ერთი ამერიკული ბანკის მიერ. თუ მათ გადაწყვიტეს რომ საქართველო არის მომატებული რისკის იურისდიქცია (ეს ყველაზე მარტივი რაც შეიძლება მოხდეს), ჩათვალეთ რომ ნებისმიერ გადარიცხვას/გადმორიცხვას დასჭირდება დღეები თუ არა კვირები, მილიონი დამატებითი დოკუმენტის წარდგენა და ყოველი მესამე გადარიცხვა გაიჭედება და მობრუნდება.

ეს რას ნიშნავს ფიზიკური პირებისთვის, ინდმეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რთული მისახვედრი არ უნდა იყოს. თუმცა მეორეს მხრივ, რა მოხდა? ასეა, რუსეთში, ირანში, ბელორუსიაში და ცხოვრობენ, ცხოვრობენ რა არსებობენ.

მოკლედ, ამ ბრძოლის წაგება, არ შეიძლება!",- წერს ქადაგიძე.

შეგახსენებთ, ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან და ის დაჩქარებულ რეჟიმში განიხილეს. ცვლილებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო. კანონის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.

ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება. საკანონმდებლო ცვლილების თანაავტორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის თქმით, ეს ცვლილება ივანიშვილს არ უკავშირდება და რომც უკავშირდებოდეს, "ამით ცუდი არაფერი ხდება", ამასთან პაატა კვიჟინაძემ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ივანიშვილი შეიძლება საერთაშორისო საფინანსო სანქციების სამიზნე გახდეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება” ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილს არგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები