"ზოგადი განათლება ქართულ იდენტობას დაეფუძნება" - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა "ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის" პრეზენტაციაზე ისაუბრა.
"ზოგადი განათლების რეფორმა 2004 წელს მიღებული დოკუმენტია და თითქმის 20 წელია არ გადახედილა და განახლებულა, პრაქტიკულად, ის განსაზღვრავს თუ როგორი მოქალაქის აღზრდა გვინდა ზოგადი განათების ეგიდით და ჩვენ არ გვინდა ახალი მოქალაქის შექმნა, ჩვენ გვინდა ადამიანი იყოს ქართველი, განათლება დაეფუძნება ქართულ იდენტობას, მოსწავლე გაიზრდება ეროვნულ საწყისებზე, დააფასებს და ეცოდინება მისი კულტურა და ისტორია, შექმნის და გაიზრდება ოჯახის ფასეულობებზე და, ბუნებრივია, სხვა ეროვნულ მიზნებთან ერთად, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალურ ღირებულებებს შეისწავლის, ეს არის ძირითადი პოსტულატები და პრინციპები, რომელიც განახლებულ ვერსიას და მთლიანად პროექტს საფუძვლად დაედო", - აღნიშნავს გიორგი ამილახვარი.
განათლების მინისტრის ინფორმაციით, ახალი "ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები" 2024 წლის იანვარში დამტკიცდება.
"ჩვენ, ახლო მომავალში, დოკუმენტთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივ განხილვას დავიწყებთ და დაახლოებით იანვარში, სამთავრობო და საპარლამენტო პროცედურების შემდგომ, დამტკიცდება ახალი "ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები", რომელიც 20 წელია არ განახლებულა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული დოკუმენტი მყარ საფუძველს ჩაუყრის განახლებულ ზოგადი განათლების რეფორმას", - დასძინა მან.