მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ გვყავს NGO-ები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული“ - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

„ჩვენ გვყავს NGO-ები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული“, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, NGO-ები თავად აქციის ორგანიზატორები არიან, რომლებიც ქუჩის პარალიზებას ახდენენ და შემდეგ ტელევიზიებში მიდიან და ამ დისკომფორტის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე წუწუნებენ.

„ეს კონკრეტული NGO [ნინო ევგენიძე] თავად არის ორგანიზატორი აქციების. იმ აქციების, რომლითაც ქუჩის გადაკეტვა ხდება. ანუ თავად ქმნის დისკომფორტს და შემდეგ მიდის ტელევიზიაში და ამბობს, რომ ამ დისკომფორტის გამო შეიძლება ეკონომიკური პრობლემები შეიქმნას. ანუ თავად შექმნა პრობლემა და თავად წუწუნებს ამ პრობლემაზე. თავად ჩამოიყვანა უცხოელი მინისტრები. დააყენა ანტი სამთავრობო მიტინგზე და ტაში აკვრევინა ადამიანებისთვის, რომლებიც ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიან. პირდაპირ იმ აქტით, ჩაერივნენ ჩვენს სულსა და გულში, ჩვენს სუვერენიტეტში, ჩვენს დამოუკიდებლობაში.

ეს ორგანიზაცია თავად იწვევს და ქმნის გარკვეულ მღელვარებას და პრობლემებს, შემდეგ მიდის და ამაზე წუწუნებს. შემდეგ მოდის და ხელისუფლებას სდებს ბრალს. მიზანი ისაა, ჩვენ გვყავს NGO-ები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ჩანს, რომ NGO-ებმა ქართველობა საერთოდ მოიცილეს, ჩვეულებრივ დარბიან და ითხოვენ სანქციას საქართველოს წინააღმდეგ.

"ეს იმ ხალხის შთამომავლები არიან, რომლებიც ადრეულ ხანაში, სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში დადიოდნენ და იქიდან ითხოვდნენ, რომ ჯარი გამოეგზავნათ, თავისი კონკურენტების მოცილების მიზნით. ეს იმ ადამიანების შთამომავლები არიან, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში დარბოდნენ, რომ დაებეზღებინათ მათი კონკურენტები. უბრალოდ მათ, მოსკოვი ჩაანაცვლეს ბრიუსელითა და სხვა ქალაქებით. დარბიან ამ ქალაქებში, იმისთვის, რომ ქვეყანა დააბეზღონ და რაიმენაირად სანქციების წვიმა გამოიწვიონ.

ეს ის ხალხია, რომლებიც საქართველოს ტყუილად აბეზღებდნენ და თითქოს ხდებოდა საქართველოში სანქციების გვერდის ავლა. ყველა ეს NGO ჩართული იყო, ელენე ხოშტარიას თამადობით, რომ გვერდს უვლის საქართველო სანქციებს და აშშ-ს სთხოვდნენ სანქციების დაწესებას. ახლა, ამას რა ჰქვია, თუ არა ღალატი საკუთარი ქვეყნის. წარმოგიდგენიათ? ამ დონემდე მივიდა ეს გარკვეული ჯგუფი NGO-ებისა, რომლებიც უბრალოდ დადიან და მერე ამბობენ, რომ უცხოური გავლენა რა შუაშიაო. აბა ქართველი ადამიანი ამას გააკეთებს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვოს? ეს პატრიოტიზმსა და ქვეყნის სიყვარულში ჯდება?“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები