მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ მივიღეთ ძალიან წარმატებული ტურისტული სეზონი" - მაია ომიაძე 2025 წელს აჯამებს

მაია ომიაძე

"ჩვენ მივიღეთ ძალიან წარმატებული ტურისტული სეზონი და იმედი გვაქვს, მომავალი წელი უფრო აქტიური იქნება", - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც 2025 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამეს.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანაორგანიზებით, მაია ომიაძის გარდა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილიც ესწრებოდა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.

„ბიზნეს სექტორს, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, ვინც საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობენ წლის შედეგები გავაცანით. შეხვედრაზე საუბარი იყო თუ რა ტიპის ღონისძიებები ჩატარდა წლის განმავლობაში, რომ მიგვეღო ის შედეგი, რაც დადგა, ჩვენ რეკორდული მონაცემებით ვასრულებთ 2025 წელს, როგორც ვიზიტების, ასევე შემოსავლების ნაწილში. სწორად დაგეგმილმა, ერთობლივმა მუშაობამ, როგორც ახალი ფრენების მიმართულებით, ასევე სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვით, ჩვენ მივიღეთ ძალიან წარმატებული ტურისტული სეზონი და იმედი გვაქვს, მომავალი წელი უფრო აქტიური იქნება. 2026 წელს ახალი ინიციატივებითა და გეგმებით ველოდებით ბევრად მეტ საერთაშორისო მოგზაურს“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის პრესრელიზში წერია, შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები,. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას.

"ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებს მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვ.

შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.

შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში.

შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს", - იტყობინება ტურიზმის ადმინისტრაცია.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 9 თვეში ტურიზმის შემოსავლები 3.64 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად დაახლოებით 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. უშუალოდ მე-3 კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან ქვეყანამ 1.66 მლრდ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 6.5%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ქვეყნებს, საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი ტრადიციულად რუსეთიდან მიიღო. მე-3 კვარტალში რუსეთიდან ჩამოსული ვიზიტორების დანახარჯები თითქმის 253 მლნ დოლარი იყო; შემდეგ მოდის თურქეთი თითქმის 196 მლნ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა 188 მლნ დოლარით ისრაელი. ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების დანახარჯები 238 მლნ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით რუსეთიდან ტურისტების დანახარჯები 14%-ით შემცირდა. თითქმის 28%-იანი ზრდაა ისრაელის შემთხვევაში, თურქეთს რაც შეეხება, აქ მატება თითქმის 3%-ია. მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტულ დანახარჯებში 13%-იანი ზრდა ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები