ჩვენ შევძლებთ ყველაზე მთავარს - დავასრულოთ დაპირისპირებები საზოგადოებაში, გავაერთიანოთ მთელი ქვეყანა ერთიანი პოზიტიური, დადებითი განვითარების გეგმის გარშემო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ქარელის მოსახლეობას, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი– გიორგი თოთლაძე წარუდგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მისი თქმით, არც ერთ მთავრობას, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არ მიუქცევია იმხელა ყურადღება სოფლის მეურნეობისთვის, როგორც დღეს.
„ეს სახელმწიფო პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქარელისთვის, სადაც მრავალწლიანი ნარგავების მოშენების უდიდესი კულტურა არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია მცირემიწიან ფერმერთა დახმარებისკენ მიმართული პროგრამები, რომელთა მეშვეობით ხდება ბევრი პრობლემის გადაჭრა. დღეს უკვე საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან გაჯანსაღებას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას და სოფლის მეურნების გაძლიერებას,“–განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლების საბოლოო მიზანია, თითოეული მოქალაქის ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა, რაც ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმით მიიღწევა. პრემიერმა ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1 იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ მოგებული თანხა მომავალ პროექტებში რეინვესტირდება.
„ჩვენ მთლიანად უარი ვთქვით იმ მემკვიდრეობაზე, როდესაც საგადასახადო ინსტიტუტები ბიზნესზე წნეხისთვის იყო გამოყენებული და უარი ვთქვით კომპანიების შესამოწმებლად ფინანსური პოლიციის გამოყენებაზე. ჩვენ ზუსტად ვიცით, სად უნდა დავიწყოთ და სად უნდა დავასრულოთ ოთხ წელიწადში, ეს არის ძალიან მკაფიო გეგმა, რომლის განხორციელების კომპეტენცია, გამოცდილება, ხალხთან კავშირი და ქვეყნის სიყვარული ჩვენ გაგვაჩნია!“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ქარელის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ ქარელში სიტვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მთავრობის მთავარ მიღწევებზე და მათ შორის ხაზი გაუსვა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას.
„პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენთაგანს დღეს აქ მობრძანებისთვის. მადლობა იმ საქმიანობისათვის, რასაც თქვენ ჩვენთან ერთად აკეთებდით ამ წლების განმავლობაში. მადლობა იმისთვის, რომ დგახართ იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. ჩვენ ძალიან ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ ერთად. დღეს ჩვენ დავუმტკიცეთ სრულიად მსოფლიოს, დავუმტკიცეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ის, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა ძალადობის, ოჯახების გაუბედურების გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, არის თითოეული თქვენთაგანის დამსახურება, ჩვენი ერთად, ყველას დამსახურება. ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს ისეთი მთავრობები, ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ თავიანთ მოქალაქეებზე. ჩვენ ყველამ ეს, ჩავაბარეთ წარსულს. ჩვენი მთავარი, მნიშვნელოვანი მონაპოვარი ეს არის თავისუფლება. ნამდვილად საამაყოა, რომ დღეს საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაცულნი. მათი უფლებები არის თანაბრად დაცული, მიუხედავად მათი განსხვავებული აზრისა, მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა. ზუსტად, ჩვენ ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება თანაბრად დაცული. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი გზა, უფრო მარტივია ქვეყნის ისეთი მართვა, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა-ძალადობასა და პოლიციაზე დამყარებული რეჟიმი, მაგრამ ჩვენ ამას, ყველამ ერთად ვუთხარით არა“,-განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

























