მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ რომ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრები არ ვიყოთ, ვერც გავიდოდით ექსპორტზე" - გიორგი სვანიძე

ზეთისხილი

"ჩვენ რომ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრები არ ვიყოთ, ვერც გავიდოდით ექსპორტზე", - ამის შესახებ "ქართული ზეთისხილის" დამფუძნებელმა და საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს ეხმარება ზეთისხილის წარმოების კუთხით ცნობადობის გაზრდაში.

ცნობისთვის, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრობისთვის საქართველომ წელს 28 516 ევრო გადაიხადა. საბჭოს საქართველო 2019 წელს შეუერთდა, რომლის მიზანი ზეთისხილის პირველადი წარმოებისა და ექსპორტის მხარდაჭერაა.

"ჩვენ რომ ამ ორგანიზაციის წევრები არ ვიყოთ და ეს ორგანიზაცია არ გვიცნობდეს, არ გვაძლევდეს სერტიფიკატს, ვერასოდეს ვერც ექსპორტზე გავალთ და ვერც მსოფლიო გაგვიცნობდა, როგორც ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყანას. 48 ქვეყნის მინისტრები და ელჩები და მსოფლიოში უდიდესი ზეთისხილის მწარმოებლები იყვნენ საქართველოში ჩამოსული ამ ორგანიზაციის წყალობით. საქართველოს დღეს იცნობენ და მსოფლიო 48 ქვეყანაში ხუთ საუკეთესოში შედის თავისი ზეთის ხარისხით. ამას ვერასოდეს ვერ მივაღწევდით", - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული საბჭოს წევრობა მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარების კუთხითაც. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ექსპერტები ჩამოდიან საქართველოში და გვასწავლიან, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეს დარგი სწორად.

"გარდა ამისა, ჩვენგან წაიყვანეს და უფასოდ გადაამზადეს ჩვენი აგრონომები. ჩვენ საქართველოში გვყავს უმაღლესი დონის სერტიფიცირებული ექსპერტები. ამათმა გაგვიკეთეს სწორედ ახსნეს და დაალაგეს, თუ როგორ უნდა განვითარდეს სწორად დარგი ამ ქვეყანაში, რა ჯიშები უნდა დაირგოს. შეისწავლეს ყველაფერი - როგორც ჩვენი ჰაერი, მიწა... დაკვირვება მიდის ზეთისხილის 80-მდე ჯიშზე. აქედან გამომდინარე მორგებული იქნება ზუსტი ჯიშები საქართველოსთვის, რომელიც საქართველოს კლიმატს და მიწას უფრო კარგად მოერგება და უფრო მეტ მოსავალს მოგვცემს. უდიდესი შრომა იდება ამაში და ამ საბჭოს მიუძღვის ამ დარგის სწორედ განვითარებაში დიდი როლი", - განაცხადა სვანიძემ, რომელიც თავად იყო აღნიშნული საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ორი ვადით 2019-2021 წლებში.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოდან ზეთისხილის მარინადის ექსპორტი შემცირებულია. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, ქვეყნიდან 116 300 აშშ დოლარის 42 ტონა დაკონსერვებული ან ძმრის და დამატების გარეშე დამზადებული ზეთისხილი გავიდა. შარშან ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 138 800 აშშ დოლარი და 56 ტონა იყო. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, წელს, ზეთისხილის ექსპორტი მხოლოდ სომხეთში ფიქსირდება, გასულ წელს კი მცირე რაოდენობით ზეთისხილი კანადაშიც გავიდა.

შემცირებულია ზეითუნის ზეთის ექსპორტიც. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში მხოლოდ 14 700 აშშ დოლარის 2 ტონა ზეითუნის ზეთის ექსპორტი ფიქსირდება, გასულ წელს კი 46 400 აშშ დოლარის 11 ტონა პროდუქტი გავიდა პირველ ოთხ თვეში ექსპორტზე. ამ შემთხვევაშიც საექსპორტო ბაზარი სომხეთია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები