ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, „მთავარია, რომ ბიზნესმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს - ბიზნესი ყოველთვის არის პროსახელმწიფო“, - ასე უპასუხა პაპაშვილმა bm.ge-თან ინტერვიუში „ხაზარაძის საქმესთან“ დაკავშირებულ ერთ-ერთ კითხვას.
„ჩვენს მიმართ არის ორკესტრირებული შეტევა“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეა? გარედან როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ?
აღელდა მამუკა და ამბობდა ორკესტრირებული შეტევაო და...
ანუ არ არის ორკესტრირებული შეტევა?
ჩემთან ყოფილა ორკესტრირებული შეტევები ჩემი ბიზნეს კარიერის პერიოდში ოცჯერ.
ვისგან გამოხატებოდა ეს მთავრობისგან?
აბა რა, სულ მთავრობისგან იყო...
ამბობდით ამას თუ მამუკა აღელდა და მაგიტომ თქვა.?
მე მგონი აღელდა და არ იყო საჭირო ამის ასე სააშკარაოზე გამოტანა. შეიძლება მოგვარება მაინც.
მოგვარებაში რას გულისხმობთ?
მე ვერ ვიქნები ამის განმსჯელი, აღელდა თუ მისმა იმ კონკრეტულმა სიტუაციამ მოითხოვა ის განცხადებები გაკეთებინა, ზუსტად ვერ წამოგყვებით რა... მთავარია, რომ ბიზნესმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს. ბიზნესი ყოველთვის არის პროსახელმწიფო. ვერ შეიძლება მსხვილი ბიზნესი და სახელმწიფო დაპირისპირებული იყოს და თან აკეთოს ბიზნესი ასეთ პატარა ქვეყანაში. ამდენად, ჩვენ სულ პროსახელმწიფო ვართ. სხვანაირად არ გამოდის მსხვილი ბიზნესის კეთება.
არ გამოდის თუ ვერ გამოდის?
ვერ გამოდის, რა თქმა უნდა, ყოველი წუთი, ყოველი თეთრი, ყოველი ნაბიჯი ჩვენ გათვლილი გვაქვს და პატარა გადახრა დროის და დაყოვნება იწვევს ბიზნესის გაკოტრებას.
თუ სახელმწიფო და მთავრობა უსამართლოდ გექცევა, მაშინაც არ უნდა იხმაუროს ბიზნესმა? გვახსოვს ჩვენ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები - თუ ვინმე შეგეხოთ, იყვირეთო...
უნდა ეყვირათ აუცილებლად, მე არ ვამბობ, რომ არ უნდა ეყვირათ, მაგრამ მაინც სჯობს, დარეგულირება მოლაპარაკების გზით, თუნდაც მინისტრებთან, თუნდაც ძალოვანებთან. მტკიცება ამ შენი სიმართლის რაც შეიძლება უფრო კულუარებში. კულუარებში ეს არ ნიშნავს რაღაც მოლაპარაკებებს და უსამართლო გარიგეგებს. აქ არის საუბარი, რომ ყველაფერი ვიღონოთ ბიზნესის გადასარჩენად. ანაკლიის პორტი ვიცით რომ უმსხვილესია, ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველი წამი დაყოვნება, ყოველი ხელმოუწერელი დოკუმენტი და მისი დროში გადავადება, არის მისთვის საფრთხე. ამიტომ მე მამუკას (ხაზარაძე) მხარდასაჭერად ვიძახი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მინდა, რომ ის ღია საკითხები რაც არის სახელმწიფოსთან, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან რომ დალაგდეს, რაღაც უნდა დაუთმონ. რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი ბრწყინვალედ ვერ გაკეთდა კონსორციუმის მიერ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აბა, უნდა ჩაიწიხლოს ახლა და უნდა გაჩერდეს ეს საქმე; უნდა დაუთმოს სახელწმიფომ, მამუკამ უნდა დაუთმოს რაღაცა - შეიძლება წილების გადანაწილება მოხდეს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ დავაცხროთ მაღალი ტემპერატურა - მათ შორის თქვენი ამოცანაცაა ეს...

























