მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ უნდა მივხედოთ უვიზო რეჟიმის დარღვევის პრობლემას – საფრანგეთის ელჩი

5ed68201d4ff7
თამთა ჯიჯავაძე
02.06.20 22:20
1234
ჩვენ უნდა მივხედოთ უვიზო რეჟიმის დარღვევის პრობლემას, იმისათვის რომ ეს რეჟიმი იყოს წარმატებული, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა BMG-ისთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისა და საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, ამიტომაც მხარეებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა იმისათვის, რომ ის იყოს წარმატებული.

„ეს ეხმარება ევროკავშირ-საქართველოს ხიდის აშენებაში, ასევე ბევრ პარტნიორობას უწყობს ხელს და უფრო მეტ პატივისცემას. ამიტომაც ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკად მივიჩნევთ, მნიშვნელოვანი მიღწევაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავინახოთ როდესაც ამჟამინდელ სიტუაციას თავს დავაღწევთ, ისევ ისეთი წარმატებით გაგრძელდეს ეს პროგრამა, როგორც დაიწყო“, – აღნიშნა დიპლომატმა.

ელჩის თქმით, უვიზო რეჟიმთან ერთად გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მთლიანად ევროკავშირში და განსაკუთრებით საფრანგეთში. ამასთან, როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კუთხით საფრანგეთში მეორე-მესამე პოზიციას იკავებდნენ, რაც ელჩის თქმით, გასაკვირი იყო, ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

„საქართველო მშვენიერი ქვეყანაა საცხოვრებლად, მთავრობა ზოგადად პატივს სცემს ფუნდამენტურ და პოლიტიკურ უფლებებს და ამიტომაც ვფიქრობთ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი არ შეესაბამება საქართველოში არსებულ ვითარებას. ეს სრულად არ არის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული, თუმცა, უვიზო რეჟიმის შემდეგ რიცხვები გაიზარდა. ეს არის პროცესი, რომელსაც უნდა მივხედოთ. რაც შეეხება რიცხვებს, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ევროკავშირში 2018 წელს 18 000 იყო საქართველოდან, 2019 წელს კი 21 000-მდე გაიზარდა. საფრანგეთში კი 2018 წელს 8 000-ზე ცოტათი ით ნაკლები იყო, ხოლო 2019 წელს 8 000-ზე ცოტათი მეტი. თუმცა, ჩვენ საკმაოდ საინტერესო ფენომენის მომსწრე გავხდით. 2018 წლის ზამთარსა და 2019 წლის გაზაფხულზე საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ამ პერიოდში დაახლოებით 1 000 თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა საფრანგეთში აქ ჩვენ ვნახეთ რომ ვითარებამ მიაღწია ძალიან ნეგატიური განვითარების დონეს, რაც საფრთხის წინაშე აყენებდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს“, – აღნიშნა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები