მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ - არა უბრალოდ ჩამოვართვათ [ივანიშვილს] ეს ქონება, არამედ გამოვიყენოთ იგი" - ლორდი დონ ტუიგი

ივანიშვილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დიდი ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარე და ლორდთა პალატის წევრი, ლორდი დონ ტუიგი არ გამორიცხავს, რომ ქონება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დიდ ბრიტანეთში აქვს, სანქციების ქვეშ მოექცეს. როგორც მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აღნიშნა, ბრიტანეთის მთავრობა მხარს უჭერს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც უზარმაზარ ქონებას ბოროტად იყენებს.

"ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, ვინც ხელყოფს თავისუფლებას, ვინც პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას. ეს ადამიანები ხშირად ძალიან მდიდრები არიან, და ჩვენ ვიცით, ვის ვგულისხმობთ – ბატონ ივანიშვილს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თავისუფალი საზოგადოებების დასაცავად, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ქონება და ამ ქონებას ბოროტად იყენებენ, ქვეყნის გასაკონტროლებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ.

მე არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება უნდა ჩამოვართვათ – ჩვენ ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით დისკუსიებში მივედით დასკვნამდე: საკმარისი არაა რუსული აქტივების მხოლოდ კონფისკაცია – ეს აქტივები უნდა გადავცეთ უკრაინელ ხალხს, რათა თავიანთ ქვეყანას თავისუფლება შეუნარჩუნონ და ხელახლა ააშენონ. ბატონ ივანიშვილს ბრიტანეთში უზარმაზარი ქონება აქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა ამას გააცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, მასზე ზეწოლა იქნება", - განაცხადა ლორდმა დონ ტუიგმა "რადიო თავისუფლებასთან".

ლორდთა პალატის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ PACE-ში ქართული ოპოზიციონერებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მუშაობის შედეგად, დიდი ბრიტანეთის დელეგაცია თავის მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

"აქ, PACE-ში, დიდი დელეგაცია გვყავს, მეტწილად ახალი წევრებით დაკომპლექტებული, და ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც აქ მოისმინეს, ისინი დაბრუნდებიან სახლში და მინისტრებსა თუ პარლამენტს ეტყვიან: ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ბრიტანეთს იყენებენ სიმდიდრის მოსახვეჭად, სიმდიდრისა, რომელსაც შემდეგ თავიანთი ქვეყნის ხელში ჩასაგდებად იყენებენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ – და არა უბრალოდ ჩამოვართვათ ეს ქონება, არამედ გამოვიყენოთ იგი", - ამბობს PACE-ში ბრიტანული დელეგაციის ხელმძღვანელი.

29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც PACE, სხვა დებულებებთან ერთად, მოითხოვს, რომ საქართველოში 2025 წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს და საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებული პატიმრები გათავისუფლდნენ.

ამასთან, შეგახსენებთ, 25 დეპუტატის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილია წინადადება ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. გაერთიანებული სამეფოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის უკვე სანქცირებულია ხუთი პირი: ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური.

მანამდე, გასული წლის დეკემბერში დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგის“ გაყინა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან ორმხრივ თანამშრომლობას ზღუდავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები