ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლის პირობებშიც თითოეულ მოქალაქეს, მთელ საზოგადოებას და ქვეყანას ღირსება დავუბრუნეთ და მის განუხრელ დაცვაზე ვზრუნავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" იყო პირველი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკის ამოსავალ წერტილად ადამიანი და მისი უფლებები დასახა მიზნად.
"ქართული ოცნება“ არ იბრძვის ვინმეს დასამარცხებლად, ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გამარჯვებისთვის; ევროპული მომავლისთვის; ძლიერი, წარმატებული ქვეყნის აწმყოსა და მისი ხვალინდელი დღისთვის; ჩვენი უნიკალური კულტურის, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების დაცვისა და შენარჩუნებისთვის; ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობისა და მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის; ეკონომიკური წინსვლისთვის; საქართველოს გაერთიანებისთვის! რაც თითოეული ქართველის ოცნებაა.
ჩვენი გუნდი იყო პირველი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკის ამოსავალ წერტილად ადამიანი და მისი უფლებები დასახა მიზნად. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა არა ფასადური, არამედ რეალური თავისუფლება - ადამიანებს დღეს განსხვავებული აზრისა და პოზიციის დაფიქსირების არ ეშინიათ.
რეალურად, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლის პირობებშიც თითოეულ მოქალაქეს, მთელ საზოგადოებას და ქვეყანას ღირსება დავუბრუნეთ და მის განუხრელ დაცვაზე ვზრუნავთ! სწორედ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ევროპული დემოკრატიის მშენებლობა თავისუფალი, ღირსების შეგრძნებით სავსე საზოგადოების ჩამოყალიბების ნიადაგზე გაბედა, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დგამენ დამოუკიდებელ ნაბიჯებს!
ამ ისტორიული გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, წინ კიდევ უფრო დიდი გამოწვევები გვაქვს - დღეს ჩვენი, როგორც საკუთარი ხალხის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება, საქართველოს განვითარება, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფაა. საქართველო იყო და არის ევროპა, - განაცხადა კახა კალაძემ.