„9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. ჩვენ დღეს უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს თავისუფლების იდეა სიცოცხლის ფასად დაიცვეს და ეს იდეა რეალობად იქცა 2 წელიწადში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან, სადაც მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარბიეს, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეთა მსხვერპლით დასრულდა.
გიორგი ქობულიას განცხადებით, ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყანაში და ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ ეს დიდწილად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა გმირობის შედეგია, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას სიცოცხლე შესწირეს.

























