თბილისის მერმა უპასუხა შეკითხვას ქვეყანაში შემოსული რუსი ტურისტების სტატისტიკასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყანაში ტურისტების შემოსვლას და ეკონომიკურ განვითარებას ყოველთვის მიესალმებოდა.
„თქვენ ეტყობა არ მიგიღიათ „მესიჯი“. ახლა შეცვლილია ეს „მესიჯი“ და თქვენები პირიქით, ემხრობიან რუსი ტურისტების შემოსვლას ქვეყანაში. ასე რომ, უნდა მიესალმოთ ამ ყველაფერს. დაურეკეთ თქვენებს და გეტყვიან სწორ, ახალ „მესიჯს“.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არ ვმალავდით, რომ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. ეს არ არის ცუდი. პირიქით, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამაზე კი პროტესტი იყო თქვენი მხრიდან. დღეს რიტორიკა შეცვლილი გაქვთ. ამიტომ, არ უნდა შეგეშალოთ, „მესიჯი“ შეცვლილი გაქვთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც წელს 624 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.1%-ით არის მომატებული, მეორე პოზიციაზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც 527 ათასი ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 8.7%-ით ნაკლებია.
მისივე თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ის განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან, თუნდაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით კეთდებოდა.
„ნახეთ თუნდაც განცხადებები სანქციებზე მიერთებასთან, მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ისევ ისინი არ იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ განცხადებების კეთებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, გვირჩევნია ისევ ბომბები ცვიოდესო? დღეს კვლავ შეცვალეს მიდგომა, რადგან
ძალიან კარგად იციან ხალხის განწყობა. ხედავთ, რომ მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ. ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, ყველა ერთად, არ ჩამოვთვლი სათითაოდ. ერთნი არიან, ერთი მამა ჰყავთ, უცებ კი შეცვალეს რიტორიკა, რომ მიესალმებიან რუს ტურისტებს. გაიხსენეთ ის კომენტარები და განმარტებები, თუ რას აკეთებდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აჩვენეთ საზოგადოებას,
გვარამიას კომენტარები ან ნებისმიერი სხვისი, თუნდაც ვაშაძე ავიღოთ. ძალიან მარტივი ანალიზის გაკეთება შეიძლება - დღეს ქვეყანას ჰყავს პროქართული, პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც იცავს პირველ რიგში, ამ ქვეყნის ინტერესს.
იმიტომ ვართ ხელისუფლებაში და იმიტომ აგვირჩია ხალხმა, რომ გავატაროთ ქართული, პრაგმატული პოლიტიკა, სადაც შედის ჩვენი ქვეყნის, ქართული ინტერესი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.