ჩვენი ამბიციაა ღვინის წარმოებასა და ექსპორტში ისეთ ქვეყნებს შევეჯიბროთ, როგორიც საფრანგეთი ან იტალიაა, - ამის შესახებ „იბერკომპანი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან დიასამიძემ გადაცემა Forbes Talks-ში ღვინის ბიზნესზე საუბრისას აღნიშნა. ცნობისთვის, "იბერკომპანი ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის ღვინის კომპანია „ნაბერაული“, რომელიც რაჭაში რამდენიმე სახეობის ღვინოს აწარმოებს.
„საქართველოდან საექსპორტო ღვინოები დღეს 2-3 დოლარის ფარგლებში მერყეობს, არ მინდა კონკურენციას ვუწევდე ავსტრალიურ, ჩილურ ან სხვა ტიპის დაბალფასიან ღვინოებს. ჩვენი ამბიცია არის ისეთ ქვეყნებს შევეჯიბროთ, როგორიც საფრანგეთი ან იტალიაა. ეს გვავითარებს. ბევრად მაღალი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის ასე უკეთესია“, - განაცხადა ლევან დიასამიძემ.
მისი მოსაზრებით, ღვინის მწარმოებლები ორიენტირებული უნდა იყვნენ დასავლურ, ევროპულ ბაზრებზე და არა რუსეთზე. „ამიტომაც ვცდილობთ რომ სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ“, - აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ „ნაბერაული ვაინსის“ ისტორია 2018 წლის შემოდგომიდან იწყება, მაშინ როდესაც რაჭაში, სოფელ სადმელში კომპანიის კუთვნილ ვენახებში რთველი გაიმართა. პირველი მოსავალი სხვა კომპანიის ქარხანაში დაიწურა და ღვინოდ ჩამოისხა. პირველი წლის მოსავალი მხოლოდ ხვანჭკარა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ტეროტორიაზე მხოლოდ ალექსანდროული და მუჯურეთული ვაზის ჯიშები იყო გაშენებული.
როგორც კომპანია იტყობინება, სწორედ ამის შემდგომ გადაწყდა კომპანიის კუთვილი ქარხნის აშენება და მეტი ვენახის, შესაბამისად, მეტი ჯიშების გაშენება სადმელის ტერიტორიაზე. კომპანიაში ამბობენ, რომ „ნაბერაულის“ მისია, ქართული ღვინის მრავალფეროვნების, უნიკალური და უიშვიათესი ქართული ვაზის ჯიშების შენარჩუნება და განვითარებაა.