„ჩვენი ამბიცია პირველ რიგში არის ის, რომ ლიდერობა შევინარჩუნოთ საქართველოში და ეს ჯილდოც [ფინანსურმა გამოცემამ Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა] ამის დამადასტურებელია", - ეს "საქმიან დილაში" თიბისი კაპიტალის დირექტორმა ოთარ შარიქაძემ განაცხადა.
ფინანსურმა გამოცემამ Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად მეორედ დაასახელა. ჯილდო კომპანიას 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობისთვის გადაეცა.
გასულ წელს "თიბისი კაპიტალის" ჩართულობით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე 1.2 მილიარდი დოლარის მოცულობის ობლიგაციები განთავსდა. კომპანიამ სულ 22 ტრანზაქცია განახორციელა, რომელთაგან 4 საერთაშორისო ბაზრებს მოიცავდა. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა საინვესტიციო პლატფორმების მომხმარებელთა რაოდენობა და გაფართოვდა ანალიტიკური მიმართულება.
„ჩვენი ამბიცია პირველ რიგში, არის ის, რომ ლიდერობა შევინარჩუნოთ საქართველოში და ეს ჯილდოც ამის დამადასტურებელია. თუმცა მგონია, რომ ის ნაბიჯები, რაც უკვე გადაიდგა უზბეკეთის მიმართულებით.. როგორც იცით, უკვე ვართ ბირჟის წევრები. ახლაც მიმდინარედ, რამდენიმე ტრანზაქციაში კიდევ ვიღებთ მონაწილეობას. იგივე აზერბაიჯანი, რომელიც ახალი რეგიონი იყო ჩვენთვის, გვინდა, რომ გავიმყაროთ ჩვენი პოზიციონირება.
ვხედავთ, რომ იმან, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება 10-15 წლის წინ აქტიურად დაიწყო მოგვცა იმის საშუალება, რომ ამ ქვეყნებს გაცილებით გავასწარით. ცნობიერებით, ცოდნით, კვალიფიკაციით, შესაძლებლობებით, გამოცდილებით. საკმაოდ სხვა ეტაპზე ვართ და აუცილებელია, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. იმიტომ, რომ ისინიც საკმაოდ სწრაფად ვითარდებიან, თუმცა ერთი მხრივ, აფასებენ ჩვენს გამოცდილებასა და ცოდნას და აქედან გამომდინარე, ღია არიან, რომ ჩვენი ჩართულობა უფრო და უფრო მეტი იყოს.
იმედი მაქვს, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტად გავალთ ჩვენც და მათ შორის, სხვა ქართული კომპანიებიც რეგიონში. იმიტომ, რომ ვიცით საქართველო კი ვითარდება, თუმცა მაინც პატარა ქვეყნად ვრჩებით და აუცილებელია, რომ რეგიონი მოვიცვათ, თანაც დროულად. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ სხვა მოთამაშეები დაიწყებენ რეგიონის შევსებას. ფაქტია, რომ რამდენიმე დიდი ტრანზაქცია მოხდა რეგიონში, რამაც ასე ვთქვათ, წამოსწია წინა პლანზე მთლიანად რეგიონი და გაცილებით უფრო დიდი მოთამაშეები უყურებენ დღეს მას, ვიდრე 3-4 წლის წინ, როცა ჩვენ ვიწყებდით ამ რეგიონით დაინტერესებას. ასე რომ, კონკურენცია მზარდია, მაგრამ არ გვეშინია და მივდივართ წინ", - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.




























