„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მლნ მოქალაქე იყოს აცრილი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა. მან ექიმებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალი ვაქცინაციაა.
„ჩვენ არცერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე. ამას გარდა, უნდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის აცრა. ვაქცინაციისკენ ყველას უნდა მოვუწოდოთ. ჩვენ მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით, ალბათ რამდენიმე დღეში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მლნ მოქალაქე იყოს აცრილი, აქედან ზოგი ერთჯერადად, ზოგი ორჯერადად აცრილი. ალბათ მილიონს უკვე გადატანილი ექნება ვირუსი და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენი ექიმები ამბობენ, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. ანუ რამდენიმე კვირა დაგვრჩა მძიმე პერიოდი, რომ გადავიტანოთ ყველამ ერთად და ოქტომბრიდან ყველა პროგნოზის მიხედვით, დამშვიდდება სიტუაცია, თუმცა მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და სიტუაცია უნდა იმართოს“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: NCDC-ის მონაცემებით, ამდრომდე ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 164 402 აცრა. მათგან, ერთი დოზით აცრილია 780 948 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.3%. ხოლო სრულად აცრილია - 383 454 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.4%.




























