მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი აქცენტი გამახვილებული იქნება მიმდინარე ხარჯების შედარებით ნაკლები ტემპით ზრდაზე"

5b1a10dd35a6b
BM.GE
08.06.18 10:00
677
აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს 2017 წლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. მისი განცხადებით, 2017 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაგეგმილი იყო 4.0%-ის ოდენობით, თუმცა წლის განმავლობაში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აღნიშნული ზრდა 2 ძირითადი მიზეზით იყო გამოწვეული. კერძოდ, ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო 2016 წლის ბოლოს ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის ხარჯზე განხორციელდა კაპიტალური ხარჯების ზრდა, ხოლო პირდაპირი გადასახადები ჩაანაცვლა არაპირდაპირმა გადასახადებმა. გარდა ამისა, 2017 წელს ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რის შემდგომაც გაიზარდა საგარეო მოთხოვნა.
პირდაპირ უცხოური ინვესტიციებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2017 წელს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 16.2 პროცენტით გაიზარდა და 1 861.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროების მიხედვით შესრულების მაჩვენებელი უმეტეს შემთხვევაში 100%-ზე მეტია, რიგ შემთხვევებში 99%-ია. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესრულება ჯამში შეადგენს 329 მილიონ ლარს, რაც 100%-იანი მაჩვენებელია. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საკასო ხარჯი შეადგენს 39 მილიონ ლარს, რაც ია შესრულების მაჩვენებლის 108 ,9 %-ია. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, გადაჭარბება მიზნობრივი გრანტების ხარჯზე მოდის. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს, ასევე გააცნო შესრულების მაჩვენებლები პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების წევრებმა დადებითად შეაფასეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, ასევე წარმოადგინა ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

„მაკროეკონომიკურ პროგნოზებს უნდა დაეფუძნოს პირველ რიგში ე.წ. ქვეყნის ძირითადი მიმართულებებისა და მონაცემების დოკუმენტი, რომელიც მთავრობამ უნდა მოიწონოს ივლისში და შემდგომ უკვე, ამ დოკუმენტზე დაყრდნობით უნდა მომზადდეს 2019 წლის ბიუჯეტი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა 2019 წელს, ამ ეტაპისთვის, გათვალისწინებულია 5%, შემდგომ წლებში კი, ეს მაჩვენებელი იზრდება 5.5%-მდე და 6%-მდე. ინფლაცია შენარჩუნებულია მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში. მისივე თქმით, ფისკალურ პოლიტიკაში აქცენტი გამახვილებულია მიმდინარე ხარჯების შემცირების პოლიტიკის გაგრძელებაზე.

„დაახლოებით მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებლით იქნება მიმდინარე ხარჯების ზრდა ანუ აქ გათვალისწინებული, ის რაც შარშან იქნა გახმოვანებული - პენსიის ზრდის ხარჯები, ასევ საპენსიო რეფორმისთვის საჭირო თანხები, გათვალისწინებულია ის ვალდებულებები რაც გვაქვს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურაზე მიმართული ხარჯები შენარჩუნებულია საშუალოვადიან პერიოდში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 8-9%-ის ოდენობით, ხოლო მიმდინარე ხარჯები ეტაპობრივად მცირდება და 2022 წლისთვის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 20% -მდე ჩამოდის.

„ჩვენი ძირითადი აქცენტი გამახვილებული იქნება მიმდინარე ხარჯების შედარებით ნაკლები ტემპით ზრდაზე, რესურსის მიმართვაზე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე და ამავდროულად, აღებული ვალდებულებების სრულყოფილად დაფინანსებაზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების წევრებმა ცნობად მიიღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები