მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი ბაზებიდან SMS-ების გაგზავნის სერვისს ვწყვეტთ”- CYBER MARKETING-ი

SMS

ხვალიდან მომხმარებელს არასასურველი სარეკლამო SMS-ები აღარ მიუვა, კომპანიებს შეტყობინებების გასაგზავნად მომხმარებელთა წინასწარი თანხმობა დასჭირდება. რეგულაციის დაცვა მოუწევს ყველას, მათ შორის იმ საშუამავლო კომპანიებსაც, რომლებიც მოქალაქეთა პირად მონაცემებს დამკვეთის მოთხოვნით ამუშავებდნენ და SMS-მარკეტინგში იყვნენ ჩართულნი.

ასეთია კომპანია CYBER MARKETING-იც, რომლის გენერალური მენეჯერი გიორგი ბუღაძე bm.ge-თან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ახალი რეგულაცია მათ სერვისს აზრს უკარგავს, რადგან მომხმარებლისგან თანხმობის მიღება რთულია. ბუღაძე განმარტავს, რომ ისინი თავიანთ კლიენტებს სხვადასხვა არხებით მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნის სერვისს კვლავ შესთავაზებენ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ლეგალურად მოპოვებული სატელეფონო ბაზა და ყველა მომხმარებლის თანხმობა ექნება. მისივე თქმით, ისინი მონაცემების დამუშავების ნაწილში აღარ ჩაერთვებიან. ეს ყველაფერი კი კომპანიის ეკონომიკურ სარგებელს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

“ახლანდელი კანონის მიხედვით მონაცემების დამუშავებისთვის სუბიექტის თანხმობა გვჭირდება, რადგანაც ჩვენი სერვისების ერთ-ერთი მიმართულება იყო ჩვენს მიერ შეთავაზებულ სატელეფონო ბაზებზე შეტყობინებების გაგზავნა. ამ დროისთვის ჩვენ ვწყვეტთ სერვისს, რადგან არ გვაქვს ნებართვები.

თუმცა მომხმარებელს ვუტოვებთ საშუალებას, რომ თუ თავად ექნება სატელეფონო ნომრები ლეგალურად მოძიებული და თანხმობა, შეგვიძლია ამ ბაზაში მოხვედრილ ნომრებზე შეტყობინებების დაგზავნა, სხვადასხვა მეთოდოლოგია არსებობს ამ შემთხვევაში.

ჩვენი მსგავსი კომპანიები, ძირითადად ავტორიზებული პირები ვინც ვართ, ყველა ერთ სიტუაციაში ვართ. ძნელია მომხმარებელმა ჩვენნაირ კომპანიას მისცეს ნებართვა, იმისთვის რომ ჩვენმა პარტნიორმა კომპანიებმა SMS შეტყობინებები გაუგზავნონ, როცა არ იცის მომხმარებელმა წინასწარ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი პარტნიორი კომპანია ხვალ ან ზეგ. მომხმარებელი როცა იძლევა ნებართვას, უნდა იცოდეს, ვისგან მიიღებს SMS-ს და არა შუამავალი კომპანიისგან, რომელიც სხვადასხვა შეტყობინებებს გაუგზავნის თავისი შეხედულების მიუხედავად", - ამბობს CYBER MARKETING-ის გენერალური მენეჯერი გიორგი ბუღაძე.

რა შემთხვევაში მიიღებთ/არ მიიღებთ სარეკლამო SMS-ებს ხვალიდან?- განმარტებები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები