მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ბენეფიციარების წარმატება ჩვენი წარმატებაა - ოლიკო ნაკაშიძე, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

ოლიკო ნაკაშიძე
BM. GE
18.09.23 12:50
90
სტატიაში საუბარია:

განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობისთვის, ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის და იდეების რეალობად ქცევისთვის - საქართველოს ბანკი მეწარმეების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. როგორც ბანკის გუნდში აღნიშნავენ, ეკონომიკურ კეთილდღეობას თითოეული ადამიანი ქმნის, შესაბამისად, უკეთესი მომავლის განსახორციელებლად საჭიროა ისეთი ინიციატივების გატარება, რომლებიც ინდივიდების სრული პოტენციალის გამოვლენას შეუწყობს ხელს.

სწორედ ასეთ ინიციატივებზე მუშაობს ოლიკო ნაკაშიძე, საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების პროექტის მენეჯერი.

როგორც იხსენებს, ის ბანკის გუნდს 2019 წლიდან შეუერთდა, მაშინ ეს დეპარტამენტი ახალი შექმნილი იყო. თუმცა, მათ საკმაოდ გრძელი გზა გაიარეს და დღეისთვის უკვე 2000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს დაეხმარნენ ზრდასა და განვითარებაში.

„ჩვენი გუნდის და პირადად ჩემი მთავარი მამოტივირებელი ძალა ის შედეგია, რომელსაც ვიღებთ. შედეგი, რომელიც არა აბსტრაქტული, არამედ მარტივად ხელშესახები და გაზომვადია - იქნება ეს ბენეფიციარი ბიზნესების ადგილობრივ ბაზარზე ზრდა, მათი მხრიდან საექსპორტო პოტენციალის ათვისება თუ ახალ ბაზრებზე მასშტაბირება. ჩვენთვის მათ მიერ მიღწეული წარმატება ჩვენი წარმატებაა. ეს კი გვაძლევს მოტივაციას, შევქმნათ განვითარების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა“, - ასე იწყება საუბარი ოლიკო ნაკაშიძესთან, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების გუნდი აქტიურად და უწყვეტ რეჟიმში იკვლევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარს, რათა გამოავლინოს მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებები, გაიზიაროს მათი გამოცდილებები და შედეგად დანერგოს ისეთი ახალი პროექტები მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდის ხელშეწყობისათვის, რომლებიც აპრობირებულია საზღვარგარეთ და წარმატებით მუშაობს.

ამასთან, გუნდის მიზანია, მოიცვას რაც შეიძლება მეტი სექტორი, რისთვისაც პარტნიორებთან ერთად არაერთ განსხვავებულ პროექტს ახორციელებენ.

„თავდაპირველად, როდესაც ჩვენი დეპარტამენტი ჩამოყალიბდა, დამოუკიდებლად ვმუშაობდით სხვადასხვა პროექტზე. თუმცა, ნელ-ნელა, იმისათვის რომ უფრო დიდი მასშტაბები მოგვეცვა და უფრო მეტი ბიზნესის წარმომადგენლისთვის შეგვექმნა განვითარების შესაძლებლობა, სხვადასხვა დიდ ორგანიზაციასთან დავიწყეთ თანამშრომლობა, რომლებთანაც უკვე რამდენიმე წლიანი პარტნიორობა და არაერთი საინტერესო პროექტი  გვაკავშირებს. მათ შორის არიან: USAID, EFSE, VISA, EBRD, UNDP, BPN Georgia და სხვა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ უკეთესი მომავლის შექმნაზე“, - აღნიშნავს ოლიკო.

ამასთან, როგორც ოლიკო განმარტავს, მათი გუნდი დღეს პატარა ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობს, რომლებიც 5-10 ადამიანის გადაკვალიფიცირებაზე არიან ორიენტირებულნი, რათა მისცენ მათ შესაძლებლობა, გაზარდონ საკუთარი აუდიტორია და უფრო მეტი ბიზნესი უზრუნველყონ მათთვის საჭირო სერვისებით.

განხორციელებული პროექტების შესახებ საუბრისას კი რამდენიმეს გამოარჩევს. ერთ-ერთი მათგანი კომპანიებისთვის ბუღალტრული სერვისების შეთავაზება და ამ მიმართულებით, მათში ცნობიერების ამაღლებაა.

„ჩვენ ბიზნესებს არა მხოლოდ დამატებითი ღირებულების მქონე სერვისების შეთავაზებით, არამედ ფინანსებითაც ვეხმარებით, რომელიც მათ ზრდასა და გაფართოებაში ეხმარება. თუმცა, სესხისა თუ დონორი ორგანიზაციებისგან გრანტის მისაღებად საჭიროა, მათ ჰქონდეთ მოწესრიგებული საბუღალტრო ანგარიშგებები. დღეს ბაზარზე ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. ბიზნესის გაფართოებისთვის, ფინანსების მოზიდვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, მას ბუღალტრული აღრიცხვები აუცილებლად უნდა ჰქონდეს წესრიგში. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიპარტნიორეთ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის რელევანტური საბუღალტრო კომპანიები და ჩვენს მომხმარებლებს აღნიშნულ სერვისს შეღავათიანი პირობებით ვთავაზობთ. ამასთან, თუ აღნიშნული ბენეფიციარი სარგებლობს ჩვენი სერვის პროვაიდერის მომსახურებით, მაშინ მათ შეუძლიათ დაფინანსების მიღების დროს  შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლონ“, - განმარტავს ოლიკო.

როგორც ამბობს, საქართველოს ბანკის ბიზნეს შეთავაზებები არ გულისხმობს მხოლოდ ბუღალტრულ მომსახურებას, არამედ მოიცავს ისეთ სერვისს, როგორიცაა მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ვებგვერდის აწყობა, ციფრული მარკეტინგული კამპანიები, ადამიანური კაპიტალის სერვისები, გაყიდვების ხელშემწყობი ინსტრუმენტები და სხვა. „ჩვენი მიზანია, ყველა სექტორს შევთავაზოთ მათზე მორგებული სერვისები, რომლებიც  მისცემს მათ საშუალებას აკეთონ საკუთარი საქმე, ხოლო სხვა საოპერაციო მომსახურებას ჩვენ ვთავაზობთ ჩვენი პარტნიორი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების მხარდაჭერით და ამით ხელს შევუწყობთ მათი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ ორგანიზაციებს ოპერაციების სწორად მართვაში, რათა მათ შეძლონ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი საქმიანობის გაფართოება“, - განმარტავს ოლიკო.

როგორც ამბობს, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პროექტი ეკონომიკაში ქალების როლის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივებია, რომლებიც სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელეს.

“თავდაპირველად, როდესაც კვლევა ჩავატარეთ, აღმოჩნდა, რომ ქალებს, ოჯახისგან დამოუკიდებლად, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ დაფინანსება საკუთარი საქმის წამოწყებისთვის ან განვითარებისთვის. ამის მიზეზი, სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული  ნარატივია. რის გამოც, ქალებს აქვთ უფრო დაბალი თავდაჯერებულობა და ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, მიგვეცა მათთვის პრაქტიკული ბიზნეს განათლება, მოვიწვიეთ წარმატებული ქალი მეწარმეები რომლებმაც გაუზიარეს მათ საკუთარი გამოცდილება და გაუწიეს მენტორობა, ასევე აღმოვუჩინეთ მხარდაჭერა ბიზნეს ოპერაციებში, რაც დაეხმარა მათ მარაგების მართვასა და გაყიდვების ახალი არხის შექმნაში.

ქალი მეწარმეების მხარდაჭერით, ჩვენ არა მხოლოდ ვზრდით მათ მოტივაციას, არამედ ხელს ვუწყობთ მათი პოტენციალის ათვისებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას, რაც თავისთავად განაპირობებს ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას.

მჯერა, რომ ყველა წარმატებული ქალი მეწარმის უკან დგას ურყევი მონდომება, გამძლეობა და შრომისმოყვარეობა. როდესაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალებს სამეწარმეო საქმიანობაში, ჩვენ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, დაარღვიონ ბარიერები, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და შთააგონონ მომავალი თაობები“,- აღნიშნავს ოლიკო.

ამისათვის, საქართველოს ბანკმა დონორებთან ერთად ქალთა გაძლიერებისთვის სხვადასხვა  პროგრამების განხორციელება დაიწყო, რომელიც სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან შეხვედრების ორგანიზებას გულისხმობდა. ვორქშოფების ფარგლებში მონაწილეები იღებდნენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც მათ საკუთარი ბიზნესის ზრდაში დაეხმარებოდა. პანდემიის პერიოდში კი გადაწყვიტეს, ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრები ონლაინ სივრცეში გადაეტანათ. როგორც ოლიკო აღნიშნავს, ვებინარების მიმართ დაინტერესება მაღალი იყო, თითო სესიას 100-ზე მეტი მსმენელი ესწრებოდა. ამასთან, პანდემიის პერიოდში, VISA-სთან თანამშრომლობით საქართველოს ბანკმა დაიწყო ქალი მეწარმეებისთვის გაყიდვების არხების გაციფრულება.

„Extra.ge-სთან პარტნიორობით, ჩვენ ვეხმარებოდით მათ ონლაინ მაღაზიების შექმნაში. ისინი ათავსებდნენ პროდუქტს ვებგვერდზე და ჩვენი გუნდი ხელს უწყობდა მარაგების გაციფრულებაში. პროგრამაში 100 მეწარმე ქალი იყო ჩართული, რომლებსაც 6 თვის განმავლობაში ვუფინანსებდით განთავსების ხარჯებს. პროექტის დასრულების შემდეგ, 85-მა მეწარმემ გააგრძელა extra.ge-სთან თანამშრომლობა, რაც ძალიან კარგი შედეგია“, - განმარტავს ოლიკო ნაკაშიძე.

საქართველოს ბანკის გუნდი აქტიურად აგრძელებს კვლევების ჩატარებას, რათა დონორებთან ერთად გამოავლინოს ბაზარზე ქალი მეწარმეების საჭიროებები და შექმნას მათ ინტერესებზე მორგებული პროექტები.

„ჩვენი პროგრამების მიმართ დაინტერესება დღითი დღე იზრდება - იქნება ეს USAID-თან ერთად განხორციელებული პროექტები თუ EFSE-სთან თანამშრომლობით ჩატარებული ვორქშოპები ქალი მეწარმეებისთვის. ამასთან, ვგრძნობთ, ძალიან დიდ ინტერესსა და მოლოდინს მომავალი პროექტების მიმართ, რაც ძალიან გვახარებს და გვეამაყება.“ - აღნიშნავს ოლიკო ნაკაშიძე.

ამას გარდა საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი პორტფელი მცირე და საშუალო ბიზნესების დასახმარებლად სხვა მრავალ პროექტსაც ითვლის. როგორც ოლიკო გვიყვება, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, მათ 11 ქართული ტექნოლოგიური კომპანია წაიყვანეს უზბეკეთში ადგილობრივ ორგანიზაციებთან შესახვედრად და ახალი კავშირების დასამყარებლად. შედეგად, რამდენიმე ქართული კომპანია უკვე გავიდა უზბეკეთის ბაზარზე და მათ რიცხვს მალე კიდევ ორი ორგანიზაცია შეუერთდება. ამასთან, ჩატარდა B2B ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა 120-მა კომპანიამ მიიღო. ღონისძიების მიზანს კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

USAID-თან თანამშრომლობით ასევე განხორციელდა აგროექსპორტის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოცვის სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საექსპორტო პოტენციალის და პოტენციური ბაზრების შესახებ.

“მეწარმეების მხარდაჭერა დამატებითი ღირებულების სერვისებით და მათი ზრდისა და წარმატების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს წარმატება არა მხოლოდ  მეწარმეებისთვის არის სასარგებლო, არამედ ასევე დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც.

ჩვენი მხარდაჭერით, ბიზნესების ზრდისა და განვითარების დანახვა აძლიერებს ჩვენს მოტივაციას, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი და  შევქმნათ მათ საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური დამატებითი ღირებულების სერვისები, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივ, ბაზარზე არსებულ სერვისებს.

ყოველი წარმატების ისტორია, ჩვენთვის შთაგონების წყაროა. ჩვენს პროექტებში ჩართული მეწარმეები კი არის დასტური იმისა, რომ მონდომებასა და მხარდაჭერას შეუძლია მნიშვნელოვანი შედეგების განხორციელება. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ გვყავს ძლიერი და სანდო პარტნიორები, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვასა და ღირებულებებს. მჯერა, რომ მათთან ერთად, ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვან და ხელშესახებ შედეგებს მივაღწევთ და კიდევ უფრო მეტი მეწარმისთვის შევქმნით ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას“,- აღნიშნავს ოლიკო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები