მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი ჩიფსი 20-25%-ით იაფია" - როგორ უწევს “ფრიქსი" კონკურენციას გლობალურ ბრენდებს?

ფრიქსი

ქართული კარტოფილის ჩიფსების მწარმოებელი კომპანია “ფრიქსის” კომერციული დირექტორი ირაკლი ქურდაძე ამბობს, რომ გლობალურ ბრენდებთან კონკურენციაში მნიშვნელოვან როლს ფასი განაპირობებს.

როგორც მან "საქმიანი დილას" ეთერში განაცხადა, ქართული პროდუქტი ცნობილ ბრენდებზე 20-25%-ით იაფია, რასაც ლოგისტიკური თავისებურება და ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება განაპირობებს. სწორედ ამ ფონზე, "ფრიქსმა", რომელიც 2015 წლიდან არის ბაზარზე, კონკურენტუნარიანობა მოიპოვა და მომხმარებელში პოპულარობით სარგებლობს, როგორც ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქტი.

"სრული ჯაჭვი აწყობილი გვაქვს საქართველოში. ანუ ლოგისტიკურად გრძელი მანძილიდან ამის შემოტანა საკმაოდ ხარჯიანია, ტრანსპორტირების ხარჯი დიდ წილს იკავებს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ გიგანტებს აქვთ მასშტაბის ეკონომია და ალბათ, აწარმოებენ დღეში იმდენს, რამდენსაც ჩვენ წელიწადში, მაინც ვართ კონკურენტუნარიანები. აი დახლზე თუ შეხვალთ, მაგალითად 20-25%-ით იაფად ვართ წარმოდგენილი.

ქართული კარტოფილი რა თქმა უნდა საშუალებას გვაძლევს და ჩვენი მეურნეობა, დაკონტრაქტებული ფერმერები, რომ ნედლეული მაქსიმალურად გავაიაფოთ. პლუს მაგას, ვიყენებთ სრულად ნატურალურ ინგრედიენტებს და ნუ მომხმარებელშიც სარგებლობს პოპულარობით, იმიტომ რომ ზოგადად სნექი აღიქმება როგორც არა სასარგებლო, მაგრამ ამათ შორისაც არსებობს განსხვავებები, შეგიძლია მიირთვა „ფრიქსი“ და უფრო დაიზღვიო თავი, ვიდრე მიირთვა სხვა, გაურკვეველი წარმოშობის პროდუქტი.

დაახლოებით 25-დან 30%-მდე გვიჭირავს ბაზრის წილი და იმედი მაქვს, რომ დიდ რითეილებში დავბრუნდებით. ჩვენ მივესალმებით ქსელების სწორ განვითარებას, სამართლიან თამაშის წესებს და პირიქით, მოწოდებული ვართ იმისკენ, რომ ვიყოთ კარგი პარტნიორები და ეს ორმხრივი სარგებელი მიიღოს ორივე ინდუსტრიამ",- ამბობს ირაკლი ქურდაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები