მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელოვანები - TOP 5

მხატვრობა

ხელოვნების ბაზრის წამყვანი ფიგურების ნამუშევრები აუქციონებზე ასტრონომიულ ფასებად იყიდება, თუმცა სენსაციური გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი თავად ავტორებთან იშვიათად ხვდება. ნამუშევრების ღირებულება ხშირად მილიონებს აღწევს და, ბუნებრივია, შემოქმედის გარდაცვალების შემდეგ ეს ფასი კიდევ უფრო იზრდება. თუმცა, არსებობენ გამონაკლისებიც - ავტორები, რომლებიც სიცოცხლეშივე ახერხებენ საკუთარი შემოქმედების წარმატებულ კაპიტალიზაციას. დროებითი ტენდენციების მიუხედავად, მათი ნამუშევრები მუდმივ აქტუალობას ინარჩუნებენ და თუ მათ შეძენას ახლა ვერ შეძლებთ, ავტორის გარდაცვალების შემდეგ, ეს ფინანსურად თითქმის შეუძლებელიც კი გახდება.

მიუხედავად მაღალი ფასებისა, საინტერესოა, რეალურად რა მოცულობის კაპიტალს ფლობენ თავად ხელოვანები? საჯარო წყაროების თანახმად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მხატვრების რეიტინგს ჯასპერ ჯონსი ხსნის.

ჯასპერ ჯონსი – 300 მლნ დოლარი

ამერიკულ აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმთან მჭიდროდ დაკავშირებული 91 წლის ჯასპერ ჯონსი დღესაც აქტიურია. მისი 1983 წელს შექმნილი ნამუშევარი „დროშა“ (Flag) 2014 წელს Sotheby’s-ის აუქციონზე 36 მილიონ დოლარად გაიყიდა. ჯონსი ცნობილია ამერიკული სიმბოლოების - დროშების, სამიზნეებისა და სხვა ატრიბუტების - ერთი შეხედვით მარტივი ინტერპრეტაციით. თუმცა, დეტალური დაკვირვებისას ვლინდება შესრულების რთული მედიუმი: მაგალითად, „დროშა“ ენკაუსტიკის მეთოდითაა შესრულებული (ცხელი ცვილის ფერწერის ტექნიკა), რაც ხის ან ტილოს ზედაპირზე ფერადი პიგმენტებით გაჯერებული ფუტკრის გამდნარი ცვილის დატანას გულისხმობს. ჯასპერ ჯონსის ქონება $300 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

ჯეფ კუნსი – 500 მლნ დოლარი

ჩაკეტილი ხელოვანებისგან განსხვავებით, 1955 წელს დაბადებული ჯეფ კუნსი აქტიურ საჯარო ცხოვრებას ეწევა, რაც პირდაპირ აისახება მის აღიარებასა და კომერციულ წარმატებაზე, გავლენიან კოლექციონერებს შორის. მისი პოპ-კულტურის ელემენტებით გაჯერებული ნამუშევრები - მაიკლ ჯექსონის სკულპტურიდან დაწყებული, ბუშტებისგან დამზადებული ცხოველების ფიგურებით დამთავრებული - საერთაშორისო აღიარებით სარგებლობენ. . მისი სკულპტურა „ვერცხლისფერი კურდღელი“ (Rabbit) ცოცხალი ხელოვანის მიერ შექმნილ ნამუშევრებს შორის რეკორდულ ფასად, 91 მილიონ დოლარად გაიყიდა. კუნსის ქონება კი დღეს $500 მილიონ დოლარს აღწევს.

დემიენ ჰერსტი – 1 მლრდ დოლარი

გაერთიანებული სამეფოს უმდიდრესი ხელოვანი 1990-იან წლებში „ახალგაზრდა ბრიტანელი მხატვრების“ მოძრაობის გამოჩენის შემდეგ მუდმივი ყურადღების ცენტრშია. დემიენ ჰერსტი, გამჭვირვალე მეთანალში მოთავსებული ცხოველებითა და გეომეტრიული „წერტილოვანი“ ნახატებით დაწყებული, მასშტაბური პროექტებით დამთავრებული - ათწლეულებია დომინირებს ხელოვნების ბაზარზე. მისი ბიზნეს-ალღო ეჭვგარეშეა, რაც ყველაზე თვალსაჩინოდ 2008 წელს გამოჩნდა: გლობალური ფინანსური კრიზისის დაწყების პარალელურად, მან Sotheby’s-ის აუქციონზე საკუთარი ნამუშევრების პერსონალური გაყიდვა მოაწყო და ერთ საღამოს 200 მილიონი დოლარის მობილიზება შეძლო. სწორედ ამიტომ, ჰერსტი მილიარდერ მხატვართა სამეულში მესამე ადგილს იკავებს.

ედ რუშა – 1.2 მლრდ დოლარი

ლოს-ანჯელესის პოპ-არტის წარმომადგენელს, 1937 წელს დაბადებულ ედ რუშას ხშირად მიაწერენ „ყველაზე ცივ მზერას ხელოვნებაში“. 1950-იანი წლების ბოლოდან იგი ქმნის განცალკევებულ, კონცეპტუალურ ნამუშევრებს, რომლებშიც ტექსტს ცენტრალური ადგილი უკავია. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მან განსაკუთრებული პატივისცემა დაიმსახურა ხელოვნების, ფოტოგრაფიისა და კინოინდუსტრიის გავლენიანი ფიგურების მხრიდან. მის შემოქმედებაზე დიდ გავლენას ახდენს სამხრეთ კალიფორნიის ურბანული სტილი, რაც კარგად ჩანს საკულტო ნამუშევარში Large Trademark with Eight Spotlights. ედ რუშას ქონების შეფასება $1.2 მილიარდ დოლარს აღწევს.

ჯონ კურინი – 1.43 მლრდ დოლარი

შესაძლოა მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად იყოს ცნობილი, თუმცა რეიტინგში 1962 წელს დაბადებული ჯონ კურინი ლიდერობს, რომლის ქონებაც 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. კურინის ტექნიკა რენესანსისა და ძველი ოსტატების მანერას ეფუძნება, თუმცა შინაარსობრივად თანამედროვე და პროვოკაციულია. 2013 წელს Christie’s-ის აუქციონზე მისი ტილო, “ბეა არტურის პორტრეტი” 1.9 მილიონ დოლარად გაიყიდა. საკუთარი შემოქმედების შესახებ კურინი ამბობს: „ხშირად მიზიდავს იდეები, რომლებიც ერთი შეხედვით გაუმართლებელი და ცუდი ჩანს... არა იმიტომ, რომ ხალხის შოკირება ან საკუთარი თავისუფლების დემონსტრირება მსურს, არამედ იმიტომ, რომ სისულელე ფერწერაში ჩემთვის ერთგვარი თემაა, რომელშიც თავისუფლებას ვპოულობ“.

მიუხედავად იმისა, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ, ფაქტია, რომ ხელოვნების სამყარო ამ ავტორებს აღიარებს. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში და მათი გარდაცვალების შემდეგაც, სწორედ ეს სახელები იქნება ასოცირებული იმ ყველაზე ძვირად ღირებულ ხელოვნების ნიმუშებთან, რომლებისთვისაც კოლექციონერები აუქციონებს განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნებენ თვალს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები