საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავა განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება და აუცილებელია ქვეყანამ გენერაციის საშუალებების განვითარებას ხელი შეუწყოს.
"ჩვენი ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია რეგიონში, იზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და ამას არ უნდა ჩამორჩებოდეს ჩვენი გენერაციის საშუალებების განვითარება. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. აქ მთავარია ის, რომ ბოლომდე დავანახოთ მოსახლეობას, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ, თუ არ განვავითარეთ უახლოეს წლებში ჩვენი საკუთარი ენერგეტიკული რესურსები და პირველ რიგში, წყალზე დაფუძნებული ჰიდრორესურსები და დავეკიდეთ იმპორტირებულ შესაძლებლობებზე", – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ მთავრობას აქვს ნათელი ხედვა იმისა, თუ როგორ გადალახოს მოსახლეობასთან დისკომუნიკაცია.
"ბიზნესმა, მოსახლეობამ, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე და მინდა გითხრათ, ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სინონიმებია, უნდა დაინახონ იმის საჭიროება, რომ მხარში ამოუდგნენ ეროვნული ინტერესების განხორციელებას.
ამაზე ყველა შეხვედრაზე ვისაუბრებთ, ყველგან ჩავალთ, ყველა დაბას და სოფელს ვესტუმრებით, ყველგან ავხსნით, თუ რა სარგებელი მოაქვს ინვესტიციებს ჰიდროსადგურებში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ჰიდროსადგურებში. რა თქმა უნდა ინვესტორებისგანაც ველოდებით, რომ პასუხისმგებლიანად ამოგვიდგებიან მხარში და დაეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას, შეუმსუბუქებენ მათ ყოფას და დაუდასტურებენ, რომ ელექტროსადგურებს სიკეთე მოაქვთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

























