მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი"

57690133801bd
BM.GE
21.06.16 12:54
1244
"საქართველოს მთავრობამ საქმით დაადასტურა, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა "ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაციისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი განმარტებით, „პრაქტიკულად განადგურებული დარგის ასაღორძინებლად ხელისუფლებამ პირველი რიგის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები უკვე გადადგა“.
 
"უკვე თითქმის 4 წელია ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომლებმაც უკვე გამოიღო თავისი კონკრეტული შედეგები. ეს პროექტები მუდმივად იხვეწება, სულ უფრო ფართოვდება და ემატება ახალი მიმართულებები. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ჩვენი გლეხების, ფერმერების საქმიანობას, როგორც პირველად წარმოებაში, ასევე მოსავლის გადამუშავებასა და რეალიზებაში, ხელი შევუწყოთ ახალი წარმოებების და საწარმოების გაჩენას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ექსპორტის გაზრდას. ხოლო, ეს ყველაფერი ერთად არის სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მყარი გარანტია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან და ამ თანამშრომლობის შედეგად სახეზეა მნიშვნელოვანი ძვრები წარმოების ზრდის, საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი. ახალი საწარმოების შექმნამ განაპირობა აგრარული დარგის განვითარების სტიმულირება, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, გაიზარდა ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოება. ტურიზმი და სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის ყოველთვის იქნება სტრატეგიული მიმართულებები და არც ერთ სხვა დარგში არ არის ამხელა ეფექტი დასაქმების კუთხით. თითოეული ლარი, დახარჯული სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო სამეურნეო ინფრასტრუქტურაში, ირიგაციის სისტემების აღორძინებაში, არის ქართული ოჯახის ბედნიერება სოფლად. წელში გამართული სოფელი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის ძლიერების საწინდარი,” - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღეისთვის მიმდინარე სახელმწიფო პროექტებია: შეღავათიანი აგროკრედიტი, საწარმოთა თანადაფინანსება, აგროდაზღვევა, დანერგე მომავალი, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა, ქართული ჩაი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები