დავითაშვილის განცხადებით, სოფლის განვითარება მხოლოდ ერთი დარგის განვითარებით არ შემოიფარგლება და რამდენიმე ალტერნატიული ეკონომიკური საშუალების არსებობას გულისხმობს.
„სოფლის განვითარება კომპლექსურია და მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებით არ შემოიფარგლება. ეს გულისხმობს სოფლად რამდენიმე ალტერნატიული ეკონომიკური საშუალებების არსებობას იმისთვის, რომ დავძლიოთ სიღარიბე", - განაცხადა მან.
მინისტრის განმარტებითვე, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქალაქსა და სოფელში ცხოვრების დონის სხვაობის აღმოფხვრაა.
„ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ამოცანა, რომელიც ქალაქსა და სოფელში ცხოვრების დონეებს შორის სხვაობის შემცირებას გულისხმობს. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი არის ინკლუზიურობა, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც არაერთხელ აღნიშნავს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის ტემპი. დაახლოებით, 5%-ით იზრდება საქართველოს ეკონომიკა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა თანაბრად ეხებოდეს თითოეულ მოქალაქეს. განსაკუთრებით სოფლად მცხოვრება ადამიანებს, რომლებსაც უფრო მეტი გამოწვევა აქვთ", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ კონფერენცია სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.

























