რომეო მიქაუტაძე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, მას დარგის ფარგლებში 25 წლამდე გამოცდილება ჰქონდა, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე დაკითხულმა მისმა ყოფილმა თანამშრომელმა ჯუბო ტურაშვილმა განაცხადა.
ის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი უფროსი და მიქაუტაძის მეგობარი იყო.
მას გამოძიების ეტაპზე მიქაუტაძის წინააღმდეგ ჩვენება აქვს მიცემული.
"მე რომ დავიწყე მუშაობა, მალევე დაინიშნა ბატონი რომეო და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის "მომავლის ენერგიას” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა. ამის შესახებ ინფორმაცია გვქონდა დეპარტამენტს. როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, განვითარების მომდევნო ნაბიჯებს, ჩემი თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო", - განაცხადა მოწმემ.
მას კითხვით მიმართა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ, თუ რა დოზით იყო მიქაუტაძე პროექტებში ჩართული, რაზეც მოწმემ ასე უპასუხა:
"როცა პროექტი შემოდიოდა სამინისტროში, იდენტიფიცირებას ვახორციელებდით და ვაგზავნიდით იუსტიციის სამინისტროში, სხვა შესაბამისი უწყებების მიერ განვითარების ნებართვას ვიღებდით და მთავრობის განკარგულება გაიცემოდა.
ამ ფარგლებში კურირებას უწევდა ბატონი რომეო", - განაცხადა მოწმემ.
მოწმეს კითხვებით მიმართა თავად მიქაუტაძემ. მან მის ყოფილ თანამშრომელს ჰკითხა, თუ რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდათ მათ, რაზეც ტურაშვილმა უპასუხა, რომ "ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ".
მან მოწმეს კვლავ მიმართა კითხვით.
"მქონდა თუ არა დავალება, ოპერატიულები ყოფილიყავით, ასობით დატოვებულ წერილებზე, რაოდენი არასასურველიც არ ყოფილიყო, პასუხი გაგვეცა და ინვესტორებს მივხმარებოდით? ",- მიმართა მოწმეს ბრალდებულმა, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა.
"რა ნებართვებს გავცემდით?",- ჰკითხა ტურაშვილს კვლავ მიქაუტაძემ, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ "ნებართვებს ისინი კი არა მთავრობა გასცემდა".
"ნებართვა მე არასდროს გამიცია, საუბარია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე. თქვენი ინფორმაციით, რამდენი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაცემული? 100-ია თუ მეტი?", - ჰკითხა მოწმეს მიქაუტაძემ, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ "შეიძლება ხუთასიც".
მიქაუტაძემ მოწმეს ჰკითხა, აძლევდნენ თუ არა ყველა დაინტერესებულ პირს ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციებს, რაზეც მოწმემ დადებითი პასუხი გასცა.
"ოდესმე ხომ არ ყოფილა დავალება, განგებ გაგეჭიანურებინა პროექტი, ან ხელოვნური ბარიერები შეგექმნათ, ან რამე "დაგებრაკათ"?- ჰკითხა ტურაშვილს მიქაუტაძემ, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა.
"გახსენდებათ თუ არა ჩვენს შორის, საღამოს, რომეოს მონდომებოდა და დილით აუქციონი გამოეცხადებინა? თუ ამას წინ მინისტრთან და სხვა პირებთან კონსულტაციები უწევდა”, - ჰკითხა ბრალდებულმა მოწმეს, რაზეც მან უპასუხა, რომ "სიმძლავრის აუქციონები საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ცხადდებოდა ის ვერ გამოაცხადებდა".
აღნიშნულის შემდეგ, მიქაუტაძემ მოწმის ჩვენებაზეც ისაუბრა.
“იქ, ჩვენებებში [მოწმის] წერია, რომ მე წინასწარ ვიცოდი. თითქოს და იქამდე ცარიელი ფურცლები იყო და რომ დავხედავდი ცარიელ ფურცლებს იქ აღმოცენდებოდა ბიზნესის რენესანსი”,- განაცხადა მიქაუტაძემ.
ტურაშვილს საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ამონარიდი წაუკითხა, სადაც მოწმე საუბრობს შემდეგს: "საჭირო ნებართვების გაცემა რომეო მიქაუტაძის ხელში იყო და მის გარეშე სათანადო ნებართვების გაცემა შეუძლებელი იყო.
მიქაუტაძეს აშკარა ინტერესი ჰქონდა და ხსენებული კომპანიები - "მომავლის ენერგია” და “ნახიდური” მისი საკუთრება იყო". პროკურორმა მას ჰკითხა, რა ნებართვებს გულისხმობდა.
"ჩვენებაში კურაციის ფარგლებში განსახორციელებელ ქმედებებს ვგულისხმობდი",- განაცხადა ტურაშვილმა. პროკურორის კითხვაზე, თუ საიდან იცოდა მან რა ინტერესი ჰქონდა მიქაუტაძეს, მოწმემ უპასუხა, რომ "ეს გახლდათ მისი აღქმა".
პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.
სასამართლოდან მოწმის ჩვენებას ავრცელებს: IPN.Ge




























