მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ხედვა მოიაზრებს, რომ წინ წამოვწიოთ ადამიანის როლი" - "გახარია საქართველოსთვის" პროგრამა

პარლამენტი

ბექა ლილუაშვილის შეფასებით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ხედვა ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეოლოგიას შეესაბამება და პარტია მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე სოციალურ-დემოკრატიული პრინციპების დანერგვა ამ გზას გაამარტივებს - ამის შესახებ ლილუაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა.

ლილუაშვილმა პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც "საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა მარცხნივაა გადახრილი.

"ძალიან მკაფიოდ დავინახეთ, რომ პრობლემური საკითხები და ამ საკითხების გადაჭრის გზები პირდაპირ შეესაბამება ევროკავშირის დღეს არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეოლოგიას. ჩვენ საბოლოო ამოცანა გვაქვს, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და სოციალურ-დემოკრატიული იდეოლოგია, როგორც დომინანტი იდეოლოგია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, ერთიანი მოცემულობაა. ეკონომიკურ პოლიტიკაში სოციალური სამართლიანობის, სოლიდარობის და თავისუფლების პრინცების დანერგვა არის ის გზა, რითაც შეგვიძლია ევროკავშირში ინტეგრაცია მარტივად მოვახერხოთ.

მკაფიოდ მემარცხენეობა ახლაც არ იკითხება ჩვენს გადაწყვეტილებებში, თუმცა შეიძლება დავახასიათოთ როგორც მემარცხენე-ცენტრისტული. არ მინდა ამომრჩევლის ყურადღება თეორიულ კონცეფციამდე წავიყვანოთ - ძალიან კონკრეტული პრობლემებია, რომლებსაც კონკრეტული გადაჭრის გზები სჭირდებათ და ჩვენ ყველა შემთხვევაში ეს გზები დავინახეთ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური მომავლის პრიზმაში, რომლადაც ძალიან მალე უნდა ვაქციოთ ქვეყანა", - აცხადებს ლილუაშვილი.

საარჩევნო პროგრამაზე საუბრისას ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ პარტიის გეგმა ისეთი პრობლემების გადაჭრას მოიაზრებს, როგორებიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, სოციალური უთანასწორობა და უსამართლობა.

"ჩვენი ხედვა მოიაზრებს, რომ წინ წამოვწიოთ ქვეყანაში ადამიანის როლი. რისთვის გვჭირდება ეკონომიკა ან პოლიტიკა?! ადამიანის და საზოგადოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. თვითმიზანი არ არის, რომ ქვეყანაში არსებობდეს საინვესტიციო გარემო თავისთავად, თუ ეს საინვესტიციო გარემო, საბოლოო ჯამში, ადამიანამდე არ მიდის და მის კეთილდღეობას არ ხმარდება.

იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ განვითარების და ეკონომიკური ტრანსფორმაციის რეალური შესაძლებლობა, ვთვლით, რომ გასაკეთებელია განვითარების ბანკი. ერთადერთი ყველაზე სწრაფი გზა იმისთვის, რომ იაფ კაპიტალზე არსებობდეს, სახელმწიფოს ჩართულობით, ხელმისაწვდომობა.

საჭიროა ექსპორტის სააგენტო, რომელიც აიღებს იმ პასუხისმგებლობას, რომ საბოლოო ჯამში შეიქმნას ექსპორტის დაფინანსებისკენ მიმართული ფინანსური და სადაზღვევო პროდუქტები", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

"გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთია იმ პარტიებს შორის, რომელთა 2024 წლის საარჩევნო პროგრამაც საჯაროდაა ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები