მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ჩვენი ხეების მეშვეობით, ყოველწლიურად 600 ტონამდე ჟანგბადს მივიღებთ” - “ოქსიგენია”

პავლოვნია

კომპანია “ოქსიგენიამ” 3-მილიონიანი ინვესტიციით კასპში, პავლოვნიას ტყე გააშენა. “ოქსიგენიას” გეგმებზე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ოთო კახიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას ისაუბრა.

“გვაქვს 64ჰა ფართობი კავთისხევის და ნოსტეს მისადგომებთან. ნაკვეთს წინ კავკასიონის ულამაზესი ხედი აქვს, ხოლო უკან ნოსტეს ტყის ხედი. 24 ჰა-ზე გაშენებული გვაქვს 27 000 პავლოვნიას ხე, რომელსაც “ჟანგბადის გენერატორს” უწოდებენ, რადგან ერთი ხე ყოველწლიურად 22 ტონა ჟანგბადს გამოყოფს, ვინაიდან ჩვენ 27 000 ხე გვაქვს, ყოველწლიურად 600 ტონამდე ჟანგბადს ვიღებთ”, - ამბობს ის.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აღნიშნავს, რომ ხეები ორი წლისაა და უკვე 3-4 მეტრი სიმაღლის, მისივე თქმით, პავლოვნია ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეა. ძირებმა  მიკროკლიმატი შეცვალა და ნიადაგი უფრო გრილი გახადა, გარდა ამისა, პავლოვნიას ხეები სამერქნე მეწარმეობაში გამოიყენება და ძალიან მოთხოვნადია.

“ტრადიციულად ეს ხე სამერქნე წარმოებაში გამოიყენება, ხეების 10%-ის მოჭრის შემთხვევაში, იმავე ადგილას ისევ ხე ამოდის, აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი ძირი ხე შესაძლოა 7-ჯერ ამოვიდეს, ერთი ხე ერთ კუბურ მეტრ მასალას იძლევა, რომელიც ბაზარზე 220-240 ევრომდე ფასობს, ეს სამერქნედ ძალიან საინტერესო პროექტია”, - დასძინა მან.

ამასთან, ოთო კახიძე განმარტავს, რომ აქტიურად ამუშავებს იდეებს, რათა არსებულ ნაკვეთზე მოიზიდოს ადამიანები და კიდევ უფრო მეტმა შეძლოს ლამაზი ხედებითა და უცხო, პავლოვნიას ხეებით ტკბობა.

“კერძო საკუთრების მიუხედავად, გვაქვს ღია სივრცე და ხალხს ნებისმიერ დროს შეუძლია მოსვლა, ჩვენი ნაკვეთი თბილისიდან 30-35 წუთის სავალზეა. აქტიურად ვამუშავებთ ისეთ იდეებს, რომელიც ადამიანებს კიდევ უფრო ახლობელს გახდის, პროექტი შესაძლოა იყოს სააგარაკე დასახლება, ეკოტურისტული დასახლება, საცურაო აუზი, კვების ობიექტი ან სხვა, გვსურს ეს ადგილი მეტმა ადამიანმა ინახულოს”, - აღნიშნა მან.

კახიძე არ პასუხობს კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა აღნიშნული ხეების მოჭრა. 

ცნობისთვის: ნაკვეთს აქვს უნიკალური სარწყავი სისტემა, ხეები კომპანიის ხელოვნური ტბებში არსებული წლით ირწყვება და ეს წყალი მთლიან ნაკვეთს ემსახურება, ამ პროექტის თავდაპირველი ინვესტიცია 3 მილიონ ლარს შეადგენდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები