„საარჩევნო პერიოდს ემატება ის, რომ საერთაშორისო პარტნიორების და ორგანიზაციების, ჩვენი მეგობრების პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს რადგან ჩვენი პოლიტიკა შეიცვალა, რაც დამატებით რყევებს გამოიწვევს ეკონომიკისთვის,“ - განცხადება BMGTV -ის გადაცემა „რედაქტ2“ -ში სტუმრობისას Kudos Georgia -ს მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ჟვანიამ გააკეთა.
მისი თქმით, ჯერჯერობით პირველი კვარტალის FDI -ს შედეგები გვაქვს, საქართველოში კი მთავარი ვნებათაღელვა მეორე კვარტალიდან დაიწყო რაც ასახვას პოვებს, როგორც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ასევე პროექტებზე, რომელიც ევროპული და დასავლური ინვესტიციებით ხორციელდება.
ირაკლი ჟვანიას თქმით, FDI-ს ძირითადი ნაწილი დასავლეთიდან მოდის შესაბამისად მიდგომების შეცვლას პრობლემები მოჰყვება, ამ პრობლემების და რეპუტაციის გამოსწორება კი ძალიან რთულად შესრულებადი მისია იქნება.
„ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი საკმაოდ დიდია და შეიძლება იყოს სწორად გამოყენებული, თუ ჩვენ არ დავამატებთ და არ მოვიგონებთ ისეთ რაღაცებს რაც ხელოვნურ ბარიერებს შექმნის. დღევანდელი სურათი გამოწვეულია არა ეკონომიკური პარამეტრებით ან ეკონომიკური პოტენციალის ამოწურვის მიზეზით არამედ იმ მოცემულობით რომელიც უარყოფით და გაუარესებულ მოლოდინებს ქმნის,“ - აცხადებს ირაკლი ჟვანია.
ინფორმაციისთვის: საქართველოში 2024 წლის I კვარტალში 201 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 მილიონი დოლარით, ანუ 64%-ით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ინვესტიციების კლება დამმუშავებელ მრეწველობაში არსებულ შემცირებას უკავშირდება, რადგან თუკი გასული წლის I კვარტალში ინვესტიცია 226 მილიონ დოლარს შეადგენდა, წელს ის მხოლოდ 25 მილიონი დოლარი იყო.
2024 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები შემცირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, კლება 42 მილიონი დოლარიდან 19 მილიონ დოლარამდეა, კლებაა ტურიზმშიც გასულ წელს არსებული 30 მილიონი დოლარიდან 9 მილიონ დოლარამდე.