"სახელმწიფომ უნდა შექმნას ბანკი, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მოგებაზე, არამედ ხარჯეფექტიანობაზე",- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.
მან იმ იდეის დეტალებზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. კერძოდ, ვლადიმერ ბოჟაძემ ორი ეკონომიკური ინიციატივა წარადგინა: სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის და სახელმწიფო ბანკის.
"ჯერ კიდევ 2014 წელს არსებობდა საქართველოს განვითარების ბანკის შექმნის იდეა, მათ შორის საპარლამენტო კანონპროექტიც კი იყო წარდგენილი იმ მოწვევის პარლამენტში, თუმცა ამის იქით არ წავიდა. მერე იყო არაერთი მცდელობა, შეცვლილიყო მიდგომები, დამოკიდებულებები და ბოლოს კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, გაჟღერდა უკვე დღევანდელი პრემიერ-მინისტრისგან, რომ შექმნილიყო ბანკი, ასეც კი იყო სათაური, ოღონდ ეს არ იქნებოდა კლასიკური ბანკი, თუმცა აქაც სახელი შეიცვალა. ჩვენი მიდგომა გულისხმობს კლასიკური გაგებით ბანკის შექმნას, ოღონდ ამ ბანკის ამოცანა იქნება ბიზნესს ჰქონდეს წვდომა სახელმწიფოს მიერ გაღებულ ხარჯებზე ისე, რომ ამაში უკვე კომერციული ბანკები აღარ იყვნენ ჩართული. აქაც სახელმწიფოს ჩვენ არ ვუყურებთ როგორც კონკურენტს კომერციული ბანკებისთვის. თუმცა, იგივე აწარმოე საქართველო, იგივე გადაიღე საქართველოში, მათ შორის იგივე დანერგე მომავალი და ასე შემდეგ, წლებია ამ მიმართულებით ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება, თუმცა ეფექტიანობა მთლად არ არის ისეთი, როგორც ალბათ საზოგადოება ელოდა ან თავად ხელისუფლება, ამიტომაც დაიწყო ხელისუფლებამ ამ თემაზე საუბარი.
ჩვენ წარმოგვიდგენია ბანკი, რომლის ამოცანაც ასევე იქნება მოგებაზე გასვლა კი არა, არამედ იმ საოპერაციო ხარჯების დაფარვა, რომელსაც ამ შემთხვევაში, მაგალითად, იგივე სახელმწიფო ბიუჯეტი იხდის. თუ რეალურად არსებობს შანსი იმისა, რომ სახელმწიფო თანადაფინანსებით კი არ შევიდეს რომელიმე პროექტში, პირდაპირ დაფინანსებით შევიდეს, იგივე რაოდენობით და კომერციული ბანკების წილი თანადაფინანსებაში საერთოდ ამოვიღოთ, ამან შეიძლება კიდევ უფრო ეფექტური გახადოს ყველა პროექტი. სახელმწიფოს ინტერესი არის არა მხოლოდ დააფინანსოს, არამედ ბოლომდე მიჰყვეს, სიცოცხლისუნარიანია ეს ბიზნესი, გააგრძელა განვითარება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაასაქმა თუ ეს პროექტი დასრულდა, ვერ განვითარდა. არ ვგულისხმობთ იმას, რომ ამ ბანკს უნდა ჰქონდეს ფილიალი ყველა ქალაქში თუ ყველა სოფელში და ან იმ მასშტაბით, რაც კომერციულ ბანკებს აქვთ. აქ შეიძლება იყოს ორი-სამი რეგიონული ცენტრი, სადაც ბიზნესს ექნება ხელმისაწვდომობა. ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ კომერციული ხაზითაც შევხედავთ და ფიზიკურ პირებთან მომსახურებაზეც, აქაც ამ ნაწილში ვგულისხმობთ ერთადერთს, რომ მაგალითად სახელმწიფო იგივე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის აფინანსებს იპოთეკურ სესხებს",- ამბობს დეპუტატი.




























