მულტიპროფილური კრეატიული სააგენტო “სტოქტონი” მიმდინარე წელს მასშტაბურ პროექტს გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი BMGTV-ის ეთერში აღნიშნავს, სააგენტოს მთავარი საქმიანობა ქართველი მუსიკალური არტისტებისთვის მენეჯმენტ სერვისების შეთავაზებაა, პარტნიორ არტისტებთან ერთად კი “სტოქტონი” სხვადასხვა სახის პროექტს გეგმავს.
“ვთანამშრომლობთ ქვეყნის წამყვან, წარმატებულ მუსიკალურ პროექტებთან: Kordz, Bedford Falls, MokuMoku, Circus Mircus… ჩვენი მიზანია, არტისტებს შევუქმნათ კომფორტი, სრულად კონცენტრირდნენ თავიანთ მუსიკალურ საქმიანობაზე, რაც თავისთავად გადაიზრდება მაღალი ხარისხის მუსიკალურ პროდუქტებში. გვაქვს ასევე მუსიკალური გამომცემლობაც.
ჩვენი ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც 2024 წელს იგეგმება, იქნება ჩვენი საერთო მუსიკალური ფესტივალი, სადაც “სტოქტონის” არტისტები დაუკრავენ და ვფიქრობთ, რომ ეს მიმდინარე წლის მაისში იქნება. ეს უნდა იყოს ყველაზე დიდი მხოლოდ ქართული ფესტივალი, სადაც მხოლოდ ქართველი შემსრულებლები დაუკრავენ და წარმოდგენილი გვაქვს, რომ შოუ 5 000 ადამიანს მოიცავს”, - ამბობს კოკა გოგოხია.
“სტოქტონის” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საქართველოში მუსიკალური ინდუსტრია წლიდან წლამდე კიდევ უფრო იხვეწება და ქართულ შემსრულებლებზე განსაკუთრებული მოთხოვნა პანდემიის შემდეგ გაჩნდა.
“კომპანია 2019 წელს დაარსდა და მაშინ ინდუსტრია, ფაქტობრივად, არ არსებობდა. არ იყო ეს ნიშა იმდენად განვითარებული, რომ თვითმყოფადი ყოფილიყო. ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს იყო, ეს საქმიანობა იმდენად თვითმყოფადი გაგვეხადა, რომ არტისტებს მუსიკის კეთებაზე კონცენტრირება შეძლებოდათ და ეს მათთვის შემოსავლის ძირითადი წყარო ყოფილიყო. ამას ნაწილობრივ მივაღწიეთ, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
კომპანიის მიმართ ინტერესი თავიდანვე ძალიან დიდი იყო, თუმცა ის მზარდია და ამაში დიდი როლი პანდემიამაც ითამაშა. როდესაც კოვიდის შემდეგ დავბრუნდით, დაგვხვდა უზარმაზარი მოთხოვნა მუსიკალურ პროდუქტებსა და კონცერტებზე. დაინტერესება მზარდია კერძო კომპანიების მხრიდანაც, რომლებიც ამ მიმართულების ხელშეწყობას ცდილობენ, რადგან ყველა ხედავს მუსიკალური განვითარების ამ ტალღის მნიშვნელობას”, - ამბობს კოკა გოგოხია.
“სტოქტონი” თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტია ნომინაციაში “საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის”. მისი დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ფინალისტის სტატუსის მოპოვება მუსიკალური ინდუსტრიის აღიარებას ნიშნავს.
“გვსურს, რომ უფრო ფართო მასებმა გაიგონ ჩვენი საქმიანობის შესახებ და ვთვლი, რომ ფინალისტების სიაში მოხვედრა უკვე დიდი აღიარებაა როგორც კომპანიისთვის, ისე მთლიანად მუსიკალური სფეროსთვის.
გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას შევძლებთ, ჩვენი მთავარი მიზანი კი პროდუქტის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანაა და ვფიქრობ, ამაში შესაძლოა დიდი როლი დაჯილდოებამ ითამაშოს”, - ამბობს “სტოქტონის” დამფუძნებელი.
ბიზნესდაჯილდოებისთვის 2023 წლის ფინალისტები 5 ნომინაციაში 400-ზე მეტი კომპანიიდან შეირჩა, გამარჯვებულებს კი ჟიური მომდევნო თვეში გამოავლენს.