Wizz Air-ი ავიაკომპანიაში დასაქმების მსურველებს თბილისსა და ქუთაისში ღია კარის დღეზე უმასპინძლებს. როგორც ავიაკომპანია იტყობინება, ღია კარის დღის ფარგლებში, Wizz Air-ის მიზანია, პილოტების გამოწვევებისა და მოლოდინების შესახებ შეიტყოს მეტი და მხარი დაუჭიროს მათ კარიერული ნაბიჯების გადადგმაში.
"ეს თქვენი შანსია, გაიგოთ მეტი საინტერესო კარიერული შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც Wizz Air გთავაზობთ. ავიაკომპანიის მიზანია, მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს მფრინავებს განვითარებაში. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მყოფი პილოტებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.
ავიაკომპანია აფასებს პილოტების წვლილსა და გამოცდილებას საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარებაში, სწორედ ამიტომ ავიაკომპანია გთავაზობთ ღირსეულ სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას", - აცხადებენ ავიაკომპანიაში.
ღია კარის დღე თბილისში 25 ნოემბერს 9:00-11:00 საათებში სასტუმრო Moxy Tbilisi-ში, ხოლო ქუთაისში - 26 ნოემბერს 16:00-18:00 საათებში სასტუმრო Kutaisi Inn-ში გაიმართება. დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე.
ცნობისთვის, Wizz Air-ი 2018 წლიდან ლიდერობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2024 წელსაც ბაზრის ლიდერია. ამჟამად, Wizz Air-ი ქუთაისიდან 15 ქვეყანაში, 24 მიმართულებით დაფრინავს.