ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქტიურად მუშაობს ქუთაისიდან ახალი მიმართულებების დამატების კუთხით. მან ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაბადების დღისა და Wizz Air-ის ბაზის დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას ისაუბრა.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის შესაძლებლობები, რომელსაც ზოგადად დაკავშირებადობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და შესაბამისი მიმართულებები ქმნის. ეს ნიშნავს უფრო მეტ ბიზნესს, მეტ ტურისტს, განვითარებულ ეკონომიკას, უფრო მეტ აქტივობას რეგიონში და, შესაბამისად, უფრო მჭიდრო კავშირებს როგორც ევროპასთან, ასევე მთელ მსოფლიოსთან“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მან ისაუბრა ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე.
„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი არის, რომ განავითაროს ძირითადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვაქვს 10-წლიანი ძალიან მკაფიო ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სატრანსპორტო სისტემა და აქ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ძალიან მალე დასრულდება სამუშაოები და ჩვენ წლის ბოლომდე ერთად აღვნიშნავთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნას“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ ახალი ინფრასტრუქტურა დიდი ზომის ბორტების მიღების საშუალებას იძლევა, რისი შესაძლებლობაც დღეს ქვეყანაში არ არის. თამარ იოსელიანმა ასევე ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის გაფართოების პროექტზე.
„ჩვენი მიზანია, რომ დღეს თუ ვემსახურებით 2,5 მილიონ მგზავრს, მომავალში მოვემსახუროთ დაახლოებით 5 მილიონს. წლევანდელი წელი გამორჩეული იყო, რადგან დავაყენეთ არაერთი ციფრული სისტემა, რომლებმაც ბევრად უფრო კომფორტული გარემო შექმნა მგზავრებისთვის. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ბიზნეს ლაუნჯიც გავხსენით, რათა ჩვენს მომხმარებელს სხვადასხვა სერვისები შევთავაზოთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეისი სწორედ კომპანია „ვიზეარმა“ შეასრულა კიევის მიმართულებით, ხოლო 2016 წლიდან პირველი ბაზა დაარსდა, რაც უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა, ასევე დღეს Wizz Air-ის ბაზის დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ეს ორი თარიღი ერთმანეთთან განსაკუთრებულად და მჭიდროდ არის დაკავშირებული.
7 მიმართულებიდან დღეს უკვე 24 მიმართულებაზე ვართ ასული, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად კი, 16 ქვეყნის მიმართულებით 31 ქალაქში დავფრინავთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთავარ პარტნიორს - „ვიზეარს“ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი მის განვითარებაში, რაც ნამდვილად ჩანს რიცხვებში და შედეგიც ნათელია. 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 1 მილიონ 600 ათას მგზავრს, 2024-ში დაახლოებით 1 მილიონ 700 ათას მგზავრს მოვემსახურეთ, ხოლო 2025 წელს უკვე გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი რიცხვები - დაახლოებით 1 მილიონ რვაასი ათას მგზავრზე მეტს მოვემსახურეთ“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
რაც შეეხება მიმდინარე 2026 წლის მონაცემებს, მინისტრის მოადგილის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება და პირველი 8 თვის მონაცემები ძალიან დადებითია.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად საავიაციო სექტორში გამოწვევებია მსოფლიოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ასე ვთქვათ, თამასას ინარჩუნებს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
























