ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში მშვიდობით და ეკონომიკური განვითარებით მიღებული სიკეთეებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას განაცხადა.
"ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემაა ნდობის აღდგენა და სწორედ ამ ფონზე მსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო.
საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთი სამშობლო გვქონდა და საერთო ისტორია გვაკავშირებდა.
დღეისთვის გავლებული გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას ვერ წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს ვერ განსაზღვრავს.
გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს.
ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც - ვინც ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილი იყო და ყოველთვის იქნება კიდეც" - განაცხადა მან.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანს ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენა წარმოადგენს.
„ჩვენს ხელისუფლებას, ქვეყანას აქვს გაცხადებული პოლიტიკა, ჩვენი მიზანია ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის. არის სერიოზული გამოწვევები, პრობლემები, ომი იყო ორივე რეგიონში, შესაბამისად, ამას უკავშირდება კონკრეტული პრობლემები. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკის მიზანია ნდობის აღდგენა. ნდობის აღდგენა არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი. ჩვენ სწორედ ასე გვესახება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ზუსტად ამას, ხელისუფლების უალტერნატივო გაცხადებულ მიზანს უპირისპირდება ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ კონკრეტული ადამიანები. ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივად უცხოური აგენტურა, შესაბამისად, ეს განცხადებებიც არის კონკრეტული ძალებისგან დაკვეთის შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ მიმართულებებს უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ნდობის აღდგენისთვის და მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
























